ახალი ამბები

უსუფაშვილი: ძალიან მალე რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელები გავაკეთებთ მკაფიო და ზუსტ განცხადებებს

11 ივლისი, 2016 • 1044
უსუფაშვილი: ძალიან მალე რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელები გავაკეთებთ მკაფიო და ზუსტ განცხადებებს

დავით უსუფაშვილმა ფრაქცია რესპუბლიკელების სამდივნოს გაფართოებული სხდომის შემდგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობაზე ყოფნასა და სხვა დეტალებზე განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე გავა დამოუკიდებლად და არ იგეგმება ქართული ოცნების წარდგინებით რესპუბლიკური პარტიის წევრების კენჭისყრა არც მაჟორიტარულ ოლქებში.

“რესპუბლიკელებმა არჩევნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ 27 მარტს და ვთქვით, რომ კოალიციაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად და ჩვენი გეგმების შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია წარდგება როგორც რესპუბლიკური პარტია, საარჩევნო ბლოკის და კოალიციის გარეშე. მეორე, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი პარტიის წევრი მთავრობის წევრები თანამდებობებზე გააგრძელებენ ყოფნას მანამ, სანამ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება სხვა რამეზე არ მიანიშნებს. ჩვენ ვთქვით ეს იმიტომ, რომ ვიცოდით, ყველა მათგანს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები დასასრულებელი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით მკაფიოდ, რომ ვემსახურებით საქართველოს და სახელმწიფოს და არა კოალიციას და რესპუბლიკურ პარტიას მხოლოდ, ამიტომ ამ საქმეების დასრულებას სჭირდებოდა გარკვეული დრო. ვარშავის სამიტი იყო საამისოდ ერთ-ერთ თარიღად მოცემული. დანარჩენ დეტალებზე ძალიან მალე რესპუბლიკური პარტია, მისი ხელმძღვანელები გავაკეთებთ ძალიან მკაფიო და ზუსტ განცხადებებს. ეს არის დღეების საქმე, აღარ არის კვირების საქმე და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ. ”

კითხვაზე, ხომ არ აპირებდა დათანხმებულიყო ივანიშვილის შეთავაზებას და გამხდარიყო ქართული ოცნების სახე მომავალ პარლამენტში, უსუფაშვილმა პასუხად მიანიშნა, რომ პარტიიდან წასვლას არ აპირებს:

“ამ ინფორმაციაზე უფრო მკაფიო დასტური თავად ფაქტი არ არის იმის თაობაზე, რომ აქ ვდგავარ, რესპუბლიკური ფრაქციის სამდივნოს ერთობლივ შეხვედრაზე გახლდით, გესაუბრებით რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო გეგმებზე. ამაზე მეტი მტკიცებულება იმისა, რას ფიქრობს უსუფაშვილი თავის პოლიტიკურ მომავალზე, რა შეიძლება იყოს?!”

მასალების გადაბეჭდვის წესი