ახალი ამბები

დეპუტატები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ

11 ივლისი, 2016 • 1970
დეპუტატები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ

“2015 წელს სიტყვით გამოსვლის უფლებით პარლამენტის 124-მა წევრმა ისარგებლა, ხოლო 26-ს არ უსარგებლია,” – აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში, რომლის პრეზენტაცია დღეს, 11 ივლისს გაიმართა.

ანგარიში შეეხება საქართველოს პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას (საგაზაფხულო, საშემოდგომო და რიგგარეშე სესიები) და მოიცავს საქართველოს პარლამენტის მიერ 2015 წელს განხორციელებულ საკანონმდებლო საქმიანობის შეფასებას, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას, პარლამენტის კომიტეტების და ცალკეული დეპუტატების საქმიანობის შეფასებას.

კვლევის თანახმად,  2013, 2014 და 2015 წლებში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლიათ შემდეგ დეპუტატებს: ვალერი გელაშვილი, ზაზა კედელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ალი მემედოვი, ენზელ მკოიანი, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი, ლევან ქარდავა, თამაზ ყაჭეიშვილი, ნიკოლოზ ყიფშიძე, რევაზ შავლოხაშვილი, თეიმურაზ ჩხაიძე, თენგიზ ხუბულური.

ამ დეპუტატებიდან “ნეტგაზეთმა” მხოლოდ ორთან შეძლო დაკავშირება. კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ არ სცალია და გვთხოვა მოგვიანებით დავკავშირებოდით, ხოლო  ვალერი გელაშვილის თქმით, ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ უმრავლესობაშია. რეპლიკაზე, რომ ეკა ბესელიაც უმრავლესობაშია, მაგრამ სიტყვით ყველაზე ხშირად გამოდიოდა, გელაშვილი ამბობს:

“ეკა ბესელიას თანამდებობა აქვს. მოსახლეობას ვხვდები და ველაპარაკები. მიზეზი ნაწილობრივ ის არის,  რომ უმრავლესობაში ვარ, ნაწილობრივ კი ჩემი ბრალეულობაა, რომ არ გამოვდიოდი,”- ამბობს გელაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი