ახალი ამბები

ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

20 თებერვალი, 2012 • • 1032
ივანიშვილის პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაცია დღეს გაიმართება

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 21 თებერვალს, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში.” გარდა ამისა, გასახსნელად მზად არის კოალიციის 40-მდე ოფისი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის შესახებ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძის თქმით, უკვე ყველაფერი მზად არის, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ოფისებმა საქართველოს რეგიონებში მუშაობა დაიწყოს. ივანიშვილის პრესსპიკერმა დღეს არ გაამხილა იმ პირთა ვინაობა, ვინც ”ქართული ოცნების” რეგიონებში მუშაობას გაუწევს კოორდინირებას. მისი თქმით, ეს იქნება ჯგუფი, რომლის წევრებიც იქნებიან პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები.

ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია ”ქართული ოცნების” დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარე წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. მაია ფანჯიკიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მედია ცდილობდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ გასულ კვირას წარდგენილი პარტიის საინიციატივო ჯგუფის წევრები უარყოფითად წარმოეჩინა, საზოგადოებამ მაინც ”დადებითად შეაფასა” ეს ამბავი.

ტრადიციულ ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ ”ქრთული ოცნება” სრულად უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზციების პეტიციას, რომელიც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის წინააღმდეგაა მიმართული. ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან ერთად საქართველოში დემოკრატიასაც ზღუდავს.

მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გააცნო ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გარემოცვის დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკისადმი. მან განმარტა, თუ რატომ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილის საგარეო ურთიერთობათა ჯგუფის წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ, რომ ისინი გაეცნობიან ვლადიმერ პუტინის იდეას ”ევრაზიულ კავშირთან” დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი აცხადებს, რომ რადგან ყველაზე დიდი საფრთხე მოდის რუსეთიდან და ყველაზე დიდი მტერი რუსეთია, ყველაფერი უნდა იცოდე მის შესახებ, თუ რას გეგმავს ის. ფანჯიკიძის თქმით, დოკუმენტის გაცნობა არ ნიშნავს შორსმიმავალ გეგმებზე მუშაობას. ”ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ საჭიროა ”ევრაზიული კავშირის” შესახებ ინფორმაციის გაცნობა, რადგან შესაძლოა, მასში საქართველს რომელიმე მეზობელი გაწევრიანდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი