ახალი ამბები

სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტიდან საქართველოში ჩარიცხვის წესის შეცვლას აპროტესტებენ

11 ივლისი, 2016 • 1798
სტუდენტები უცხოეთის უნივერსიტეტიდან საქართველოში ჩარიცხვის წესის შეცვლას აპროტესტებენ

გიორგი კვარაცხელია ერთ-ერთია იმ სტუდენტებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნის უნივერსიტეტში სწავლობდნენ, ახლა კი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვერ აგრძელებენ სწავლას, რადგან მინისტრმა ჩარიცხვის წესი შეცვალა.

2016 წლის 17 მაისს, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე სტუდენტებისათვის დაწესებულ მოთხოვნებში.  სწორედ ეს გადაწყვეტილება გააპროტესტეს დღეს სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან:

“ერევანში ვსწავლობდი. მეორე კურსიდან უნდა დამეწყო სწავლა თბილისში და ხელი შეგვეშალა ჩარიცხვაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ უნივერსიტეტში ჩაგვრიცხონ,” – ამბობს გიორგი კვარაცხელია.

აქციაზე სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა “იურისტთა საერთაშორისო სახლის” ხელმძღვანელი, ზვიად ფოფხაძე. მისი განცხადებით, ახალი რეგულაციით სტუდენტებს სემესტრში 75 დღე უნდა ჰქონდეთ ნაცხოვრები იქ, სადაც სწავლობდნენ:

“გადმოსვლისათვის სტუდენტებს 75 დღეს სთხოვენ სემესტრში იქ ცხოვრების თვალსაზრისით.  სხვა ქვეყნებში დაუსწრებელზე მაქსიმუმ 20 დღეა.  ამ სტუდენტებს   20 დღეზე მეტი აქვთ დაყოფილი იქ, სადაც სწავლობდნენ, შესაბამისი დოკუმენტებიც აქვთ. მინისტრის ბრძანება ხელს უშლის ამ სტუდენტებს სწავლის გაგრძელებაში. საერთო ჯამში, დაახლოებით ოთხი ათასი სტუდენტია ასეთ მდგომარეობაში,” – აღნიშნავს ფოფხაძე.

განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროში აცხადებენ, რომ სტუდენტები სხვა ქვეყანაში ჩაბარებით ერთიან ეროვნულ გამოცდებს არიდებდნენ თავს. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა  75-დღიანი დათქმის შემოღება საჭირო:

“აქამდე შეზღუდვა არ იყო და ახლა დავაწესეთ. როცა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვერ აბარებდა, შუამავალ კომპანიას უხდიდა ფულს და სხვა ქვეყანაში ირიცხებოდა, შემდეგ გადმოჰქონდა საბუთები. ერთგვარი სქემა იყო გამოცდებისთვის თავის არიდების. ამიტომ დაწესდა, რომ ერთი სემესტრი უნდა სწავლობდეს სტუდენტი საზღვარგარეთ, რათა ის საქართველოს უნვიერსიტეტში გადმოვიდეს,”- ამბობს ნატა ასათიანი, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი.

სტუდენტების აქცია განათლების სამინისტროსთან

მასალების გადაბეჭდვის წესი