ახალი ამბები

კომუნიკე: საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მთავარი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისთვის

10 ივლისი, 2016 • 1145
კომუნიკე: საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მთავარი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისთვის

NATO-ს ვარშავის სამიტის კომინიკეში საუბარია საქართველოში 8 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზეც და აღნიშნულია, რომ “ეს იქნება კიდევ ერთი მთავარი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის”.

NATO-ს ვარშავის სამიტზე კომუნიკე სამიტის მეორე დღეს, 9 ივლისს გამოქვეყნდა:

“2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება MAP-ით (გაწევრიანების სამოქმედო გეგმით), როგორც პროცესის განიყოფელი ნაწილით. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს. ჩვენ მივესალმებით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან მოიცავს ყველა იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც გაწევრიანების მომზადებისთვის არის საჭირო. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მთავარი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე. ჩვენ ვაქეზებთ საქართველოს, რომ ალიანსთან დასაახლოებლად გააგრძელოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რომლებიც NATO-საქართველოს კომისიის მიერ არის შეთავაზებული; ასევე, წლიური ეროვნული პროგრამა, საკუთარი როლი, როგორც გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორისა, მონაწილეობა თავდაცვის შესაძლებლობების მშენებლობის გაზრდის ინიციატივაში და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. NATO აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან და უწყვეტ კონტრიბუციას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ასევე, NATO აღიარებს იმ თავგანწირვასა და წვლილს, რომელიც ქართველ ხალხს შეაქვს საერთო უსაფრთხოებისთვის,”- ვკითხულობთ კომუნიკეში.

გარდა ამ საკითხისა, ვარშავის სამიტის კომუნიკეში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზეც:

“ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მივესალმებით საქართველოს პირობას, არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს, რომ იგივე გააკეთოს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, ასევე შეწყვიტოს საზღვროს მსგავსი კონსტრუქციების მშენებლობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან. NATO არ აღიარებს ე.წ. ხელშეკრულებებებს, რომლებსაც 2014 წლის ნოემბერში მოეწერა ხელი საქართველოს რეგიონს, აფხაზეთსა და და რუსეთს შორის; ასევე, 2015 წლის მარტში საქართველს რეგიონს, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. ეს ხელშეკრულებები არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ასევე, ეუთოს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშირისო ვალდებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებების მხარეებს, რომ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, ასევე, გააგრძელონ მუშაობა ეუთოსთან, გაეროსთან და ევროკავშირთან ერთად, რათა მიღწეული იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებილ ფარგლებში,”- ვკითხულობთ კომუნიკეში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი