ახალი ამბები

პრემიერი: ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სტიქიას იმერეთში მძიმე შედეგები მოჰყვა

9 ივლისი, 2016 • 1057
პრემიერი: ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სტიქიას იმერეთში მძიმე შედეგები მოჰყვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება, სადაც განაცხადა, რომ სტიქიას ინფრაქტრუქტურული თავლსაზრისით მძიმე შედგეები მიჰყვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული, დროებითი გზის უმოკლეს ვადაში მოწყობას დაჰპირდა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა მასშტაბით აანაზღაურებს მთავრობა სტიქიისგან მიყენებულ ზარალს.

“საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ სიტუაციას. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მთლიანობაში დღეს უკვე შედარებით სიტუაცია სტაბილურია”, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად სოფელ სულორში ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში გეგმავს გამგზავრებას.

გიორგი კვირიკაშვილი სოფელ სულორში. პრემიერის ადმინისტრაციის ფოტო 09.06.2016

გიორგი კვირიკაშვილი სოფელ სულორში. პრემიერის ადმინისტრაციის ფოტო 09.06.2016

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი