ახალი ამბები

ჯანელიძე: საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატოს სტრატეგიულ განხილვებში იქნება ჩართული

8 ივლისი, 2016 • 1669
ჯანელიძე: საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე ნატოს სტრატეგიულ განხილვებში იქნება ჩართული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უპრეცედენტო უწოდა იმ ფაქტს, რომ ნატოს სამიტის ფარგლებში ჩატარდა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მიხეილ ჯანელიძის თქმით, კომისიის სხდომაში მონაწილეობდა ნატოს წევრი 28–ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ხოლო სხომის შემდეგ მიღებული იქნა ერთობლივი დეკლარაცია.

ჯანელიძის თქმით, 28–ვე ქვეყნისგან გამოითქვა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, გადაწყდა, რომ გაგრძელდეს და გაფართოვდეს წევრი ქვეყნების დახმარება, რათა გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა.

“ეს კონკრეტული ნაბიჯები არის იმპლემენტაცია პაკეტისა, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე, ახალი ნაბიჯები იქნება, რომელიც ეხება საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებას, სამხედროების სწავლებას, ერთობლივი წვრთნის ცენტრის აფილირებას, ეს ეხება სტრატეგიულ კომუნიკაციებში თანამშრომლობას და, რაც მთავარია, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიული განხილვებში იქნება ჩართული”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მათ შორის შავი ზღვა, ხვდება ნატოს უსაფრთხოების კონცეფციაში და, შესაბამისად, საქართველო იქნება მონაწილე ამ სტრატეგიული განხილვების და კონცეფციისა, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას.

“საქართველო არის ყევლაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, ხაზი გაესვა ჩვენს წვლილს საერთაშორისო მისიებში და ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით გაგრძელდება. დღეს ალიანსი საქართველოს უყურებს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს. ისინი მზად არიან, საქართველოს გვერდით დადგნენ აბსოლუტურად ყველა მიმარულებით, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე იყოს მზად, რომ გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  ეს განცხადებები კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “მთავარი თამარ ჩიქოვანთან ერთად” გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივლისს გაიხსნა და 9 ივლისს დასრულდება ნატოს სამიტი ვარშავაში, სადაც დღეს გაიმართა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა.

ვრცლად მიხეილ ჯანელიძის შეფასებებს გაეცანით ვიდეოში:

მასალების გადაბეჭდვის წესი