ახალი ამბები

ომბუდსმენმა ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა

8 ივლისი, 2016 • 2065
ომბუდსმენმა ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა

უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის აპარატის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანების ამსახველი დოკუმენტი ილია ჭანტურაიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ბრძანების ტექსტის თანახმად, გათავისუფლების მიზეზი დისციპლინარული გადაცდომაა. ილია ჭანტურაიას განმარტებით, მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ, ასევე ინფორმაცია სამსახურში გამოცხადების შესახებ და ვალდებულებების შეუსრულებლობაზე:

“ეს იყო დისციპლინარული წარმოების დაწყების საფუძველი. ასევე, როცა გამოცემა “ლიბერალმა” საჯარო ინფორმაცია მოითხოვა, მე თითქოს დარღვევით გავეცი ინფორმაცია, ეს იყო მეორე საფუძველი.”

მისივე განცხადებით, გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში  გაასაჩივრებს:

“გათავისუფლების რეალური საფუძველი ის არის, რომ თანამშრომლებთან ერთად აპარატში არსებულ პრობლემებზე ხმა ავიმაღლე. ასევე, ჩემი პროფკავშირებისადმი კუთვნილების გამო მოხდა ეს ფაქტი, ასე მგონია.”

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ჭანტურაიამ სხვა პირების პერსონალური მონაცემები კანონით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ გამოიყენა:

“სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მან სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური გამოყენება გადაწყვიტა მოქმედი კანონით დადგენილი წესების საწინააღმდეგოდ. შეიძლება ითქვას, რომ მას გააზრებული დამოკიდებულება არ ჰქონია საკუთარ სამსახურეობრივ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე. ის, რომ სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია არ შეიძლება   არასამსახურეობრივი მიზნებისთვის იყოს გამოყენებული.”

ნანუაშვილის მტკიცებით, ჭანტურაიამ ომბუდსმენის აპარატის ელექტრონული პროგრამიდან ოფიციალურად რეგისტრირებული დოკუმენტი წაშალა და სხვა დოკუმენტით ჩაანაცვლა.

“საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე იყო ოფიციალური წერილი შემოსული. მან ეს წერილი პროგრამიდან წაშალა. სხვა თანამშრომელს დაავალა, რომ წაეშალა და ეს წერილი სხვა დოკუმენტით ჩაანაცვლა ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არავისთვის მიუწოდებია. მოქმედი რეგულაციებით, ეს დარღვევაა. მან დოკუმენტი გააქრო საქმის წარმოების პროგრამიდან, შესაბამისად, გაიცა სხვა ინფორმაცია, რადგან დოკუმენტი ჩაანაცვლა.”

ნანუაშვილი ჭანტურაიას მოუწოდებს, კომისიის დასკვნა გამოაქვეყნოს:

“კომისიამ დაადგინა, რომ ჭანტურიამ ჩაიდინა ყველაზე მძიმე, უხეში გადაცდომებები და დაარღვია ვალდებულებები, რომელიც მას ევალებოდა. მის მიმართ რამდენიმე თვის წინ გამოყენებული იყო დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა – გაფრთხილება, და ვადა ჯერ არ იყო გასული. ვთვლი, რომ მისი გათავისუფლება იყო ერთადერთი გამოსავალი, რადგან მისი მუშაობა ომბუდსმენის აპარატის ეფექტურ ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნიდა. მიმაჩნია, რომ ასეთი ადამიანები საჯარო სამსახურში არ უნდა მუშაობდნენ. ასეთი არაკვალიფიციური თანამშრომლებისგან ნებისმიერი სამსახური დაზღვეული უნდა იყოს,” – აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი