ახალი ამბებიკინო

კინოცენტრის ჟიურის წევრის განმარტებები არაკორექტულ შეფასებაზე

8 ივლისი, 2016 • 1662
კინოცენტრის ჟიურის წევრის განმარტებები არაკორექტულ შეფასებაზე

ფილმის “არმატურა” პროდიუსერმა ნოდარ ნოზაძემ ფეისბუკში თავისი ფილმის სცენარის არაკორექტული შეფასება გამოაქვეყნა, რაზეც კინოცენტრი ბოდიშს იხდის; თუმცა შეფასების ავტორი, რუსუდან პირველი მიიჩნევს, რომ ფილმში დიდი რაოდენობითაა “უჩვეულო სექსუალური სისასტიკის, ძალადობისა და სიძულვილის სცენები, მოვლენები და ფრაზები”, ამიტომ მის შეფასებაში გამოყენებული ლექსიკაც შესაბამისია.

რუსუდან პირველი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ თავად ფილმის სცენარში 300-ზე მეტი უხამსი სიტყვაა გამოყენებული:

“ეს მხოლოდ ლექსიკაა. არაფერს ვამბობ სხვა სიბინძურეებზე, მათ შორის სასტიკ, ძალადობრივ პორნოგრაფიულ და ჰომოსექსუალურ სცენებზე, რომლებიც სცენარში დეტალურად არის აღწერილი და რომლის წაკითხვის ვალდებულება მქონდა მე, როგორც ჟიურის წევრს.”

რუსუდან პირველის თქმით, მისი მიზანი ავტორისათვის შეურაცხყოფის მიყენება არ ყოფილა და შეფასებისას გამოყენებული სიტყვებით მხოლოდ საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას ცდილობდა.

რუსუდან პირველი ასევე აღნიშნავს, რომ კინოცენტრმა გარკვეული ნორმები უნდა დააწესოს, რათა კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტები გემოვნებიანი და ხარისხიანი იყოს:

“ღრმად მწამს შემოქმედებითი და გამოხატვის თავისუფლების და მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ავტორს აქვს უფლება, მისთვის რჩეული ლექსიკა გამოიყენოს მის მიერ შექმნილ ნაწარმოებში. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ეროვნული კინოცენტრის მიერ დასაფინანსებელ ნაწარმოებს, ვფიქრობ, გარკვეული ნორმები უნდა დავაწესოთ, რათა კინოცენტრს მომავალშიც არ მოუწიოს ისეთი პროექტების განხილვა, სადაც ზღვარი მხატვრულ ფილმსა და ექსტრემალური ჟანრის პორნოგრაფიას შორის დარღვეულია.

ნუ დავივიწყებთ იმ ქართველ მაყურებელსაც, რომელიც ქართულ ფილმებს მოელის და ფილმის დამფინანსებლებში საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის ლოგო მისთვის გარკვეული გემოვნების ან ხარისხის დამადასტურებელი ნიშანია.” – აცხადებს ჟიურის წევრი.

რუსუდან პირველი განცხადებას სრული სახით პირად ფეისბუკგვერდზე ავრცელებს.

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 2016 წლის 1 ივნისს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დაფინანსებისთვის კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში 17 პროექტი მონაწილეობდა, მათგან ერთ-ერთი იყო “არმატურა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი