ახალი ამბებიეკონომიკა

გაზრდილი პენსია და გარანტირებული სოციალური სტატუსი – ბურჭულაძის პარტიის გეგმები

8 ივლისი, 2016 • 2796
გაზრდილი პენსია და გარანტირებული სოციალური სტატუსი – ბურჭულაძის პარტიის გეგმები

პარტიამ “პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის” დღეს, 8 ივლისს, 4-წლიანი ეკონიმიკური განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა. პარტიის ეკონომიკურმა ჯგუფმა საზოგადოებას მოძრაობის სამოქმედო გეგმა დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროებში გააცნო.

როგორც პარტიის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის ავტორები, ირაკლი ყიფიანი და გიორგი პაპავა აცხადებენ, გეგმა დაყოფილია 2 ნაწილად და გათვლილია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პროგრამებზე.

ეკონომიკურ გეგმაში გათვალისწინებული მყისიერი ცვლილებები:

  • საშემოსავლო და მოგების გადასახადები – 15%
  • მცირე ბიზნესის ბრუნვაზე დაწესებული გადასახადი – 2%
    • დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი- 200 000 ლარი
    • მიკრობიზნესად რეგისტრაციის ზღვარი- 60 000 ლარი
    • ქონების გადასახადის ზღვარი- 80 000 ლარი
  • 4-წლიანი გარანტია სოციალურ სტატუსზე
  • 50%-ით გაზრდილი საარსებო შემწეობა
  • 250 ლარამდე გაზრდილი პენსია
  • ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნობრივი პაკეტი – 240 ლარი

4-წლიანი გეგმის განხორციელებით მიღებული შედეგები: 

  • მიიღწევა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა
  • ქვეყანა მოიზიდავს 3 მილიარდამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას
  • ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზრდება 8 მილიონამდე
  • კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება 250 000-ით
  • ყოველი მესამე ღარიბი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს
  • ბიუჯეტი წილი მთლიან შიდა პროდუქტთან შემცირდება 30%-მდე
  • ბიუროკრატიუი ხარჯების წილი სახელმწიფო ხარჯებში შემცირდება 27%-მდე

პირველ ეტაპზე პარტია გეგმავს, რომ შეამციროს საშემოსავლო და მოგების გადასახადები, რომელიც 20%-ის ნაცვლად განისაზღვრება 15%-ით, ხოლო რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდება დაბეგვრისაგან.

პარტია გამოდის ახალი ინიციატივით, რომ სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას გადახედვის გარეშე შეუნარჩუნდეთ მინიჭებული სტატუსი 4 წლის განმავლობაში. პარტიაში მიიჩნევენ, რომ გარანტირებული სტატუსი საშუალებას მისცემს სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომ არ თქვან უარი ალტერნატიულ შემოსავალზე სტატუსის დაკარგვის შიშით და დაძლიონ სიღარიბე. პარტიამ წარმოადგინა დიაგრამა, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნო კამპანიების დროს იზრდება შემწეობის მიმღებთა რაოდენობა.

“წლების განმავლობაში სახელმწიფო იყენებს სოციალურად დაუცველის სტატუსს წინასაარჩევნოდ. თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ამ სტატუსის მატარებელი ადამიანების რაოდენობა იზრდება წინასაარჩევნოდ და შემდეგ ისევ სწრაფად ეცემა. ეს არის მანიპულირება შემწეობით,” – ამბობს გიორგი პაპავა

პენსია გაიზრდება 250 ლარამდე და ის არ იქნება დიფერენცირებული. პაპავას თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს ამ ეტაპზეც აქვს პენსიის გაზრდის რესურსი.

როგორც პარტიაში აცხადებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გახდება მიზნობრივ ჯგუფებზე მორგებული და გაიზრდება ამ ჯგუფების ფინანსური ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე. ასეთი ჯგუფები იქნებიან: 6 წლამდე ბავშვები, საარსებო შემწეობის მიმღები პირები, პერნსიონერები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და ვეტერანები.

“გადამხდელუნარიანი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად მიღებული სარგებლით თავადაც შეძლებს, რომ კერძო სადაზღვეო მომსახურებით ისარგებლოს. ამით დაიზოგება სახელმწიფოს რესურსი და ის გადამისამართება მიზნობრივ ჯგუფებზე,” – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

პაატა ბურჭულაძის პარტიის "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ეკონომიკური განვითარების გეგმის ავტორები: ირაკლი ყიფშიძე და გიორგი პაპავა

პაატა ბურჭულაძის პარტიის “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” ეკონომიკური განვითარების გეგმის ავტორები: ირაკლი ყიფშიძე და გიორგი პაპავა. ფოტო: ნეტგაზეთი

ყიფიანი აცხადებს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო ორიენტირებული იქნება გრძელვადიან პროგრამებზე, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსების გაფართოებაზე.

სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა:

  • პროფესიული სასწავლებლების გახსნა, რომელიც სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს გადაამზადებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 10 საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობის დაფუძნება.
  • სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებულ ტექნიკასა და ტექნოლოგიებზე იმპორტისა და დღგ-ს გადასახადებისაგან გათავისუფლება.
  • მიწის რეგისტრაციის საკითხის დარეგულირება. მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზაცია. შემცირდება მიწის გადასახადი.
  • შეიქმნება “ქართული ბრენდი”, რომელიც გააერთიანებს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციას და გაიტანს მას საზღვარგარეთ გასაყიდად.

იგეგმება ენერგოეფექტურობის ერთიანი ეროვნული გეგმის შემუშავება და გარემოს დაცვის საკითხევბში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა.

ირაკლი ყიფიანის განცხადებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე კომერციული დიპლომატიის განვითარება ინვესტიციების მოსაზიდად. კომერციულ ატაშეს ბიზნესსექტორის ინტერესების გატარება დაევალება.

როგორც ეკონომიკური განვითარებას გეგმის ავტორები აცხადებენ, მათი გეგმის მთავარი მიზანი არის, შექმენას სტაბილური ბიზნესგარემო, რაც ნიშნავს, რომ ბიზნესს ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო მომავლის განცდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი