ახალი ამბები

ომბუდსმენი მის წლიურ ანგარიშზე პარლამენტის დადგენილებას აკრიტიკებს

8 ივლისი, 2016 • 1295
ომბუდსმენი მის წლიურ ანგარიშზე პარლამენტის დადგენილებას აკრიტიკებს

2016 წლის 24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინა, რომლის შედეგად პარლამენტმა დადგენილება მიიღო  და სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი გაიზიარა, ხოლო ნაწილი არა.

ამ საკითხზე დღეს, 8 ივლისს ომბუდსმენმა ბრიფინგი გამართა და პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა.

ომბუდსმენის განცხადებით, მისასალმებელია ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, რითიც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის განხილვისა და მასზე რეაგირების მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა:

“საგულისხმოა, რომ წინა წლების დადგენილებებთან შედარებით, მიმდინარე წლის დადგენილებით გათვალისწინებული რეკომენდაციების რიცხვი არსებითად გაიზარდა, თუმცა, სამწუხაროდ, ის არ მოიცავს სახალხო დამცველის იმ უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს, რომლებიც სისტემური ხასიათის მწვავე პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად. პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომითი უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს – შრომის ინსპექტორის შექმნის თაობაზე, რაც სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის საგანი იყო ბოლო წლების განმავლობაში,”- განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე აზრით,  პარლამენტის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი მთელი რიგი მიმართულებებით საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე:

“კერძოდ, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე, რაც რეალურ დაბრკოლებას უქმნის ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას და მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიღებულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, მისი შემდგომი განხილვის პროცესი ჭიანურდება.”

ნანუაშვილის მტკიცებით, დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტის დროულ ინიცირებაზე, რომლითაც შეიქმნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე მონიტორინგის განმახორციელებელი მექანიზმი; ასევე,  არ არის გაზიარებული რეკომენდაცია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე; ასევე რეკომენდაციები ეკომიგრანტების შესახებ კანონის დროულად მიღების და თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრების თაობაზე.

ომბუდსმენი ყურადღებას მართლმსაჯულების მესამე ტალღის განხორციელების აუცილებლობაზე ამახვილებს და ამ კონტექსტში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების მნიშვნელობაზე საუბრობს:

“დადგენილებაში არ ასახულა რეკომენდაცია საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული წესის კანონით გათვალისწინებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი  ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული წესის შემოღებას, პარლამენტმა მხოლოდ ორი მოსმენით მიიღო. შესაბამისად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ტალღის დასრულება დღემდე ჭიანურდება.”

ომბუდსმენის განცხადებით, დადგენილება ასევე არ მოიცავს რეკომენდაციას სპეციალური დროებითი მექანიზმის – კვოტირების სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციას წარმოადგენს.

“მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, დღემდე უცნობია სახალხო დამცველის 2013–2014 წლების საპარლამენტო ანგარიშებში მითითებული გახმაურებული და საზოგადოებაში მაღალი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების შედეგები. პარლამენტის მიერ გაუზიარებელ რეკომენდაციათა შორის არის რელიგიური სიძულვილით/შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე გამოძიების პროცესის დასრულების, ასევე, სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ამ დრომდე კვლავ უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტის ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები,”- აღნიშნავს ნანუაშვილი.

ობმუდსმენის თქმით, ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიც არის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და პარლამენტის წევრებზე ძალადობა, დადგენილება არაფერს ამბობს:

“დადგენილება არ ითვალისწინებს რეკომენდაციას 2016 წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმართვის, უმოკლეს ვადებში დამნაშავე პირთა გამოვლენისა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების თაობაზე. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებისა და პარტიის წევრების, მათ შორის პარლამენტარების მიმართ ძალადობის ფაქტების დროულ და ეფექტურ გამოძიებაზე.”

წინა წლების მსგავსად, უცვლელია სახალხო დამცველის რეკომენდაცია პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის N7 დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით.

“საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მიერ განხორციელებული ჩანაწერების გონივრული ვადით – არანაკლებ 10 დღით შენახვასთან დაკავშირებით, რაც წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი მექანიზმია; ნაცვლად ამისა, დადგენილებაში ჩანაწერების შენახვის გონივრულ ვადად, სულ მცირე, 24 საათია მითითებული, რაც უკვე არსებული საკანონმდებლო რეგულაციაა და ვერ უზრუნველყოფს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა დაცვის ეფექტური გარანტიებით,”- ამბობს ნანუაშვილი.

მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის თაობაზე:

“თუმცა დადგენილებაში არ არის მითითებული მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელწიფო უწყება და, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ მოხდება აღნიშნული რეკომენდაციის შესრულების უზრუნველყოფა და მისი მონიტორინგი. რეკომენდაციის უმოკლეს ვადაში შესრულების აუცილებლობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 2015 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავთა მხრიდან, ასევე პენიტენციურ სისტემაში სავარაუდოდო ჩადენილი წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი.”

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ სამომავლოდ, წლიური ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ახალი პრაქტიკის დამკვიდრებასთან ერთად, მოხდება სისტემური პრობლემების აღმოფხვრის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი