ახალი ამბები

პრეზიდენტი: ვარშავის სამიტზე ზურგს გვიმაგრებს საპარლამენტო პარტიების ერთობლივი დეკლარაცია

8 ივლისი, 2016 • 1051
პრეზიდენტი: ვარშავის სამიტზე ზურგს გვიმაგრებს საპარლამენტო პარტიების ერთობლივი დეკლარაცია

პოლონეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ მედიასთან საქართველოს საპარლამენტო პარტიების მიერ მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაზე ისაუბრა.

“ვარშავის სამიტზე ჩვენს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვენლოვანესი დეკლარაცია, რომელიც ერთად მიიღეს საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა, სადაც მხარი აქვს დაჭერილი საქართველოს ნატოს კურსის ურყევ ნებას. ეს არის ის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო, აწერს ხელს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ხსენებულ დეკლარაციას პარტიებთან ერთად პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე აწერენ ხელს.

“[დეკლარაცია] ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა ვუთხრა პარტიებს, რადგან როდესაც საქმე ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი, გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ ქვეყნის სასარგებლოდ”, – უთხრა ვარშავის სამიტის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს, 8 ივლისს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნატოს სამიტი გაიხსნება. სამიტზე, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება, ნატოს 28 წევრი ქვეყნისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. ვარშავის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი დაესწრებიან. აგრეთვე, პირველად ნატოს სამიტის ფარგლებში ვარშავაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდება.

დეკლარაცია ნატოს სამიტისთვის

დეკლარაცია ნატოს სამიტისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი