ახალი ამბებისამართალი

ადამიანის უფლებათა ცენტრი დევნილთა მინისტრისა და პოლიციის აკადემიის რექტორის დაჯარიმებას ითხოვს

8 ივლისი, 2016 • 1883
ადამიანის უფლებათა ცენტრი დევნილთა მინისტრისა და პოლიციის აკადემიის რექტორის დაჯარიმებას ითხოვს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარისა და შსს-ს პოლიციის აკადემიის რექტორის ნუკრი გელაშვილის დაჯარიმებას მოითხოვს.

ადმინისტრაციული სარჩელში ცენტრი მიუთითებს, რომ შსს-ს აკადემიაში კომპანია „ბრითიშ-ამერიკან თობაქოსთან“ ერთად ქველმოქმედების საფარქვეშ გაიმართა სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება.

“თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა კანონით აკრძალული სარეკლამო საქმიანობა- სპონსორობა, რაშიც მას ხელი შეუწყო შსს აკადემიის რექტორმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, რომლებიც „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ დირექტორთან ერთად დაესწრნენ სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას.

ამის შესახებ ინფორმაცია დღესაც ხელმისაწვდომია შსს-ს პოლიციის აკადემიის ფეისბუქგვერდზე, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგან ამ გზით ხდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის მიერ განხორციელებული სპონსორობის დამატებით რეკლამირება”,- ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი, ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით სპონსორობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვვათა კოდექსის 1712 მუხლის შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას დასჯადია.

“კანონის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ მიერ განხორციელებულ ქმედებას – შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბიბლიოთეკისათვის გადაცემულ ტექნიკას და სტუდენტთათვის სწავლის გარკვეული საფასურის დაფარვას, შესაბამისად, საქველმოქმედო საქმიანობად მიიჩნევს და არა სპონსორობად. არადა, საქართველოს კანონმდებლობით ქველმოქმედებად არ მიიჩნევა აღნიშნული საქმიანობა, თუკი ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით), სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამად ითვლება რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც გადაიცა სტუდენტებისათვის შესაბამისი სერტიფიკატები, დემონსტრირებული იყო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ ბანერი, რომლის ფონზეც ხდებოდა სტუდენტების დაჯილდოება”, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს, სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოთ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება – სამართალდამრღვევთა დასჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი