ახალი ამბები

ვოლსკის განცხადებით, სჯობს, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ახალმა პარლამენტმა მიიღოს

7 ივლისი, 2016 • 1528
ვოლსკის განცხადებით, სჯობს, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ახალმა პარლამენტმა მიიღოს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განცხადა, რომ პარლამენტმა თავი შევიკავა მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის კანონპროექტების მიღებისგან “იმიტომ, რომ ახალმა პარლამენტმა უკეთ მიხედოს”.

ეს განცხადება ვოლსკიმ 6 ივლისს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “მთავარში” გააკეთა.

მისი განცხადებით, სჯობს, მესამე ტალღის რეფორმა ახალმა პარლამენტმა განახორციელოს.

“ძალიან ბევრი საინტერესო და ახალი წინადადება გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჯობია, 2-3 თვე დააცადო და ახალმა პარლამნეტმა უკვე ახალი ძალით, ეს მესამე ტალღა რასაც დავარქვით, ის განახორციელოს და ჩამოაყალიბოს სისტემა, რომელსაც ვერაფერი ვერ დაანგრევს იმ თვალსაზრისით, რომ ის იქნება მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული მძლავრი სისტემა. ზოგიერთები მოგვიწოდებნენ, რომ ეს მთლიანად გადასაყრელია, თითქოს ადამიანებთან არ გვქონდეს საქმე და შემდეგ მოგვეყვანა ახალი. რევოლუციური მოძრაობისკენ მოგვიწოდებდნენ. ძალიან დიდი ცდუნება იყო ამის განხორციელების, თუნდაც პოლონეთში რაც გაკეთდა სასამართლოსთან მიმართებაში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში. საკონსტიტუციო კრიზისი შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროკავშირის წევრიც არის და ჩვენზე წინ არის. მაგრამ ამ გზით არ წავედით და, მე მგონი, სწორი ვქენით იმიტომ, რომ ჯობია ევოლუციის გზა, თუნდაც ოდნავ დროში გაწელილი, ვიდრე რევოლუციური გზა,”- ამბობს გია ვოლსკი.

მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ნორმის ცვლილებასაც. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორიც იუსტიციის სამინისტროა, პარლამენტში ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა განეხილათ, თუმცა ეს პროცესი გადაიდო.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ უკვე არაერთხელ გააპროტესტა მოსამართლეთა დანიშვნის არსებული წესი და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები. მათ საკონსტიტუციო სარჩელიც შეიტანეს დანიშვნის არსებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის და დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებაც მოითხოვეს.

დღეს, 7 ივლისს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განაცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ სასამართლო დაკომპლექტდეს მოსამართლის მანტიასთან შეუსაბამო კანდიდატებით, ვინაიდან სწორედ ახლა მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმართლეთა დანიშვნის პროცესი, რეფორმა კი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია.

მისივე განმარტებით, ამ მძიმე შედეგის გარკვეულწილად თავიდან ასაცილებლად შეიძლება, რომ პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღოს სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა:

“პრეზიდენტი მზად არის, კონსულტაციები დაიწყოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ფრაქციასთან, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების მომავალი აღელვებს. პრეზიდენტი ასევე  მზად არის, კონსულტაციები გამართოს რიგგარეშე სესიის თარიღთან დაკავშირებით. პრეზიდენტის დავალებით, ხვალიდანვე მზად ვარ, ვაწარმოო ეს კონსულტაციები დაინტერესებულ ფრაქციებთან,” – განაცხადა დოლიძემ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი