ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში IPRM-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

7 ივლისი, 2016 • 1314
გალში IPRM-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა

გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

აფხაზური გამოცემა აპსნიპრესის ცნობით, შეხვედრაზე რიგ საკითხებთან ერთად განიხილეს 2007 წლის 3 თებერვალს გალის რაიონის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, დავით სიგუას გატაცების, 2008 წლის 22 ოქტომბერს სამხედრო პირის, ედუარდ ემინზადეს მკვლელობის ფაქტები და ადგილზე შექმნილი სიტუაცია.

აფხაზური მხარის მხრიდან, როგორც გამოცემა წერს, საკითხი დააყენეს გალის რაიონში იარაღის, საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებების სამალავის აღმოჩენის შესახებ. აფხაზური მხარის ინფორმაციით, სამალავი საქართველოს დივერსიული ჯგუფების მიერ იყო აღჭურვილი.

გამოცემის ცნობითვე, ქართული მხარის მიერ 2016 წლის 19 მაისს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე [ნაბაკევი] გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი წამოიწია: “მხარეებმა აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაზე მოსაზრებები გაცვალეს”.

“მთლიანობაში შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში გაიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ IPRM-ის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ. მორიგი შეხვედრა 2016 წლის 2 აგვისტოს გაიმართება”.

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ პირველი განახლებული შეხვედრა გალში 2016 წლის 27 მაისს გაიმართა.

გალის რაიონში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის შესახებ მხარეები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე, 22-23 მარტს შეთანხმდნენ.

IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა. აფხაზურმა მხარემ მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ევროკავშირიდან საქართველოში, ანჯეი ტიკშკევიჩი აფხაზეთის ტერიტორიაზე “არასასურველ პირად” გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი