ახალი ამბები

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის საკითხს მხარი დაუჭირეს

7 ივლისი, 2016 • 1034
ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის საკითხს მხარი დაუჭირეს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს მხარი დაუჭირეს.

მოხსენება ევროპარლამენტარმა ადრეს მამიკინსმა წარადგინა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა და  იმსახურებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას უკრაინისა და კოსოვოსთვის.

13 ივნისს მამიკინსმა განაცხადა: “ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა კარგ ვარიანტში სექტემბერში იქნება, ცუდ ვარიანტში – ოქტომბერში. პარლამენტარების უმრავლესობა ხმას სასარგებლოდ მისცემს”. იმავე დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება შესაძლებელი იქნება, როცა შეჩერების მექანიზმს მიიღებენ.

შეჩერების მექანიზმის შემუშავება გახდა ოფიციალურად მოტივი იმისა, რომ ევროკავშირის საბჭოში შეფერხდა ვიზის ლიბერალიზაციის პროცედურა საქართველოსთვის. იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონაში, აუცილებელია ამ საკითხის კენჭისყრა დადებითად დასრულდეს როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროპარლამენტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი