ახალი ამბები

ბოკერია: ამერიკის დახმარებით უნდა ვიხსნათ დემოკრატია, რომელსაც ხელისუფლება საფრთხეს უქმნის

7 ივლისი, 2016 • 1505
ბოკერია: ამერიკის დახმარებით უნდა ვიხსნათ დემოკრატია, რომელსაც ხელისუფლება საფრთხეს უქმნის

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებსაც შეხვდა. დავით ბაქრაძის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, სამომავლო არჩევნებისა და მედიის თავისუფლების შესახებ საკითხებზე ისაუბრეს.

“შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. პირველი შეეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. და ამ მიმართუებით აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერა არის გარანტი ჩვენი ქვეყნის დაცულობის. მეორე თემა კი გახლდათ დემოკრატიული არჩევნები. ამ მხრივ ჩვენი ამერიკელი მეგობრების მესიჯი არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, რაც გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობას და ამ კონტექსტში დეტალური საუბარი იყო “რუსთავი 2″-ზე და სხვა მედიასაშუალებებზე,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბაქრაძის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ძალადობის დაგმობასა და იმ პრობლემებს, რომლებიც პოლიტიკურმა დევნამ და გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებმა შექმნა.

გიგა ბოკერიას თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოსათვის იქნება დემოკრატიის ტესტი.

“კერის ვიზიტი არის ძალიან მკაფიო გზავნილი ორივე მიმართილებით – ეს არის გზავნილი მთელი საქართველოსთვის, ყველა პოლიტიკური კლასისათვის და კერძოდ- ხელისუფლებისთვის. ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის იმ გამოწვევის ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის. ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება საფრთხეს უქმნის.” – აცხადებს ბოკერია.

შეერთებული შტატების დელეგაციამ საქართველო უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი