ახალი ამბები

დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

6 ივლისი, 2016 • 1607
დარიალის ხეობაში საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა

დღეს, 6 ივლისს, დარიალის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზა აღდგა და ავტიმობილებით მოძრაობა შესაძლებელია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის დაშვებულია  სპეციალური რეჟიმით. ავტომობილთა გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

სამინისტროს ინფორმაციით, დილის 05:30 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია შემდეგი წესების დაცვით:

– აკრძალულია ერთდროულად, ორივე მხრიდან შემხვედრი მიმართულებით, სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

–  ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში;

–  ინტენსიური ნალექების შემთხვევაში, აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა (გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე);

– საღამოს 20:00 სთ-დან დილის 05:30 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზე შეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება.  მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800- მეტრიანი მონაკვეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი