ახალი ამბები

გაეროს მომხსენებლის კრიტიკული შეფასებები საქართველოზე

13 თებერვალი, 2012 • • 1059
გაეროს მომხსენებლის კრიტიკული შეფასებები საქართველოზე

შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  გაეროს  სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღეს, 13 თებერვალს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა იმ შემაშფოთებელ გარემოებებს, რამაც შესაძლოა ქვეყანას მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნას.

მაინა კიაიმ აღნიშნა, რომ 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანაში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება, შემცირდა მძიმე დანაშაულთა რაოდენობა, ასევე აღმოფხვრილია წვრილი კორუფცია, განსაკუთრებით კი პოლიციაში და გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოება. გაეროს მომხსენებლმა ასევე დადებითად შეაფასა გასულ წელს რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით მიღებული კანონი.

მაინა კიაის შეფასებით, მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს მთელი რიგი შემაშფოთებელი ნიშნები, რომლებიც ქმნიან საფრთხეს, რომ ქვეყანის განვითარების დადებითი ტრაექტორია შეიცვალოს და მოდერნიზაციაზე ფოკუსირებამ გამოიწვიოს შიშის გავრცელება და ადამიანის ფუნდამენტური  თავისუფლების შეზღუდვა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ამჯამად კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სადაც მას შეუძლია ნაბიჯის წინ გადადგმით ან გააუმჯობესოს მდგომარეობა ადამიანის უფლებების კუთხით, ან დაბრუნდეს უკან.

”ერთადერთი საშუალება, რითაც საქართველოს შეუძლია გააგრძელოს გზა კეთილდღეობის, სიმდიდრისა და უსაფრთხოებისკენ, არის  ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემა. ბოლო დროს მიღებული კანონები და სახელმწიფოს ქმედებები, როგორც ჩანს, ქვეყანას საფრთხეს უქმნიან ამ გზაზე,” – განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა  მაინა კიაიმ.

მაინა კიაის შეფასებით, 2011 წელს მიღებულმა კანონებმა, რომლებიც პოლიტიკურ გაერთიანებებს უკავშირდება, თავისი ორაზროვანი მნიშვნელობით ხელი შეუწყო უნდობლობის გარემოს შექმნას და ძირითადად არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს.

გაეროს მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ რთულ გარემოს, რაშიც არსებობა უწევთ ქართულ  პროფკავშირებს.  მაინა კიაის თქმით, ის შეშფოთებულია იმ ცნობებით, რომლებიც უკავშირდება ადამიანთა სამსახურიდან დათხოვას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერის გამო. მან ასევე გაიხსენა ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მუშების ამბავი, რომლებიც სამსახურიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და პროფკავშირებში გაწევრიანების გამო დაითხოვეს.

”ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს ბალანსი ინვესტიციების ხელშეწყობასა და ადამიანის პროფესიულ კავშირის შექმნის უფლებას შორის, რომელსაც შეუძლია ქართველების ცხოვრების გაუმჯობესება,” – აღნიშნა გაეროს მომხსენებელმა.

მაინა კიაიმ გამოხატა კმაყოფილება შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ ქართულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს შეკრების თავისუფლებას წინასწარი ნებართვის გარეშე, რის გამოც ბევრი მშვიდობიანი აქცია გამართულა და ერთ-ერთის მოწმე თავადაც გახდა.

თუმცა მაინა კიაიმ ხაზი გასუსვა კანონის იმ პუნქტებსაც, რომელიც, მისი აზრით, ზღუდავს ადამიანის თავსიუფლად შეკრების და მანიფესტაციის უფლებას. გაეროს მომხსენებლის თქმით, ეს არის ის 20 –მეტრიანი დისტანცია, რომელიც უნდა დაიცვან აქციის მონაწილეებმა საჯარო დაწესებულებებთან აქციის გამართვის დროს.

მაინა კიაის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუფერებლად მიაჩნია 15 წუთის მიცემა მომიტინგეებისთვის აქციის დასაშლელად.

გაეროს სპეციალური მომხსენებელმა ყურადღება დაუთმო 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლას. მისი თქმით, აუცილებელია ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული მხარეები.

მაინა კიაის მიაჩნია, რომ 26 მაისს პოლიციის მიზანი არა აქციის დაშლა, არამედ მომიტინგეთა დასჯა და დაშინება იყო.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო თავის სრულ ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით 2012 წლის ივნისში გამოაქვეყნებს.

ამავე თემაზე:

კიაი: „მთავრობის მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს“

მასალების გადაბეჭდვის წესი