ახალი ამბები

ცემა საბურთალოზე – რას ამბობს ნიკა რურუა

4 ივლისი, 2016 • 2334
ცემა საბურთალოზე – რას ამბობს ნიკა რურუა

“ასეთ სისულელეებზე პასუხს არ გაგცემთ, დიდი ბოდიში, თან დედაჩემი ცუდად არის ახლა. კარგად ბრძანდებოდეთ,”- ასე უპასუხა  კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ “ნეტგაზეთს”.  მასთან კითხვების დასმა   2 ივნისს  თბილისში, საბურთალოზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვცადეთ.

რურუას დედა შემთხვევის ადგილიდან ახლოს მდებარე საავამდყოფოში მკურნალობს.

თვითმხილველების თქმით, ტაშკენტის და ვაჟა ფშაველას ქუჩების კვეთაში მამაკაცი  შავი ჯიპიდან გადმოსულმა მამაკაცმა “დუბინკით” სცემა .

მომხდარის შესახებ ცნობილი 2 ივლისს, შუადღისას გახდა –  ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლი წერდა, რომ ნიკა რურუა, რომელსაც ტაშკენტის ქუჩის კუთხეში მამაკაცმა შეაგინა, ავტომობილიდან გადმოვიდა და ეს მამაკაცი “დუბინკით” სცემა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა. მისი პოსტის მიხედვით, მომხდარს ჰყავდა თვითმხილველები, მათ შორის, იქვე მდგარი ჯიხურის თანამშრომელი. მან ეს პოსტი მოგვიანებით წაშალა და “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს იყო არა თავისი, არამედ მეგობრის ინფორმაცია, რომელიც თვითმხილველია, თუმცა თავისი სახელით ამ ინფორმაციის გამოქვეყნება არ სურდა.

ნეტგაზეთმა შემთხვევის ადგილას კიდევ ერთ თვითმხილველს,  ავტოსადგომის ზედამხედველს ესაუბრა. ის პოლიციამ  4 ივლისს დაკითხა.  

“დავინახე, მაგრამ იმდენად არ დავკვირვებივარ… ვერ ვიცანი, წუთიერად მოხდა, სულ 2 წუთის ამბავი იყო. თავიდან ერთი სცემდა და მერე მეორეც გადმოვიდა, ამან რომ დაარტყა, მას მიეხმარა მეორე, გადმოხტა და იმანაც წიხლი ამოჰკრა, ერთ იმანაც დაარტყა, ჩასხდნენ მერე და წავიდნენ. ეს ნაცემი წამოვიდა მერე. ხელიც დაარტყა, დუბინკაც და რომ გადმოვიდა მეორე, ერთი ფეხი ამოარტყა და ხელი დაარტყა და ეგ იყო. 55 წლამდე იქნებოდა ეს მამაკაცი. შუადღისთვის მოხდა. არც პოლიცია მოსულა, არც ექიმი, წამოვიდა ის კაცი, წყნარად წავიდა, არ დავკვირვებივარ, სად წავიდა და რა გააკეთა. ისე, რომ დავინახო ის ნაცემი კაცი კი ვიცნობ, მისი სახე დავიმახსოვრე, იმათი – არა,”- ამბობს ის ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე თქმით, ტროტუარს ეტყობოდა სისხლის კვალიც. ცდილობდა ეჩვენებინა ჩვენთვის, მერე დასძინა,  სავარაუდოდ წვიმამ გადარეცახაო.

ავტომობილების ზედამხედველის განცხადებით, კამერები განლაგებულია შუქნიშნებზე. მომხდარ ინციდენტთან ახლოს მდებარეობს “ბატას” მაღაზია, რომლის თანამშრომელმაც ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ქუჩის მხარეს კამერები არ აქვთ და ამიტომ, მათ მაღაზიას სავარაუდო ჩხუბის კადრები არ დაუფიქსირებია.

“ბატას” თანამშრომლებიც, ახლოს მდებარე სხვა მაღაზიების თანამშრომლების მსგავსად, აცხადებენ, რომ მათ უშუალოდ ჩხუბი არ უნახავთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ გვპასუხობენ, დაიწყო თუ არა მამაკაცის ცემასთან დაკავშირებით გამოძიება. ასევე უცნობია, მოძებნა თუ არა პოლიციამ მსხვერპლი, ან დაკითხა თუ არა კულტურის ყოფილი მინისტრი.

თუმცა, ნეტგაზეთი ესაუბრა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების თანამშრომლებს, რომელთაც განაცხადეს, რომ ისინი პოლიციამ 3 და 4 ივლისს გამოკითხა. მაღაზიების თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარის უშუალო თვითმხილველები არ არიან, მაგრამ სხვებისგან გაიგეს, რომ ჩხუბი ნამდვილად მოხდა. მათ დაზუსტებით არც ის იციან, თუ ვინ მონაწილეობდა ჩხუბში და ვინ იყო მამაკაცი, რომელიც ორი თვითმხილველის განცხადებით სცემეს.

“ნეტგაზეთს”, მცდელობის მიუხედავად, არ მიეცა ნიკა რურუასგან დეტალური კომენტარის მიღების შესაძლებლობა.  მოკლე პასუხის შემდეგ ის დაგვემშვიდობა. მოგვიანებითაც,  sms -ით შემოიფარგლა და მოგვწერა, რომ “სისულელეებისთვის არ ცალია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი