ახალი ამბებიტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის ცვლილებები ფეისბუკში ინტერნეტმედიას

30 ივნისი, 2016 • 2135
რა საფრთხეს უქმნის ცვლილებები ფეისბუკში ინტერნეტმედიას

სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” კიდევ ერთი ცვლილება ჩაეშვება. კომპანიის ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სიახლეების გვერდი ფეისბუკში (News Feed) შეიცვლება და პრიორიტეტი ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების პოსტებს მიენიჭება.

ფეისბუკის კვლევამ უჩვენა, რომ ოჯახისა და მეგობრების სიახლეების შეგდეგ მომხმარებელი ყველაზე მეტად ინტერესდება ორი სახის ინფორმაციით: საინფორმაციო სააგენტოების სიაახლეებითა და გასართობი ხასიათის ინფორმაციით. თუმცა ყველა ადამიანის ინტერესები ინდივიდუალურია, ამიტომ განახლებული ალგორითმი კონკრეტული მომხმარებელის გემოვნებას მოერგება.

წინა პლანზე წამოიწევს ასევე ფეისბუკის “ლაივ ვიდეო” ფუნქცია.

“ჰაფინგტონ პოსტის” ცნობით, ინტერნეტტექნოლოგიების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფეისბუკის მცდელობა, გახადოს საკუთარი სივრცე უფრო მეტად პერსონალური, გავლენას იქონიებს ფეისბუკგვერდების ვიზიტორთა რაოდენობაზე. განსაკუთრებით კი მედიასაშუალებების გვერდებზე. ბოლო თვეების მანძილზე ინტერნეტგამოცემების ფეისბუკგვერდებზე წვდომის სიხშირე უკვე შემცირდა.

როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, ისეთი დიდი გამოცემებიც კი, როგორიცაა “მაშებლი” და “ბაზფედი”, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იძულებული გახდნენ შეემცირებინათ სამუშაო ადგილები. ფინანსური შემოსავლის კლებას კი ავტომატურ სარეკლამო ფუნქციებსა და რეკლამის ბლოკირების ავტოსერვისებს მიაწერენ. სოციალური ქსელები მათ გვერდებსა და მკითხველს შორის საკვანძო მექანიზმია და სისტემაში ცვლილება გავლენას იქონიებს მათზე. ანალიტიკური ვების, Parse.ly-ის მონაცემებით, ინტერნეტმედიის საიტებზე სტუმრების 40% სწორედ ფეისბუკის გავლით შედის.

ფეისბუკის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა 2015 წლის მაისში მომხმარებელს Instant Article-ის ფუნქციაც შესთავაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, ინტეგრირებულად, სტატია ფეისბუქის დატოვების გარეშე სრულად წაიკითხოთ. სად განთავსდება რეკლამა და როგორ იღებენ მოგებას გამომცემლობები? კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი