ახალი ამბები

საია პარლამენტის მუშაობას აჯამებს და მეტი ღიაობისკენ მოუწოდებს

7 თებერვალი, 2012 • • 1088
საია პარლამენტის მუშაობას აჯამებს და მეტი ღიაობისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგარდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საქართველოს პარლამნეტმა გასულ წელს კანონთა გარკვეული ნაწილი რეგლამნეტის დარღვევით მიიღო, ხოლო ახალ რეგლამენტზე მუშაობის პროცესი სრულიად დახურულია.

საია-ს დაკვირვებით, გასულ წელს საქართველოს პარლამენტის მუშაობა ”უაღრესად სწრაფ ტემპებში წარიმართა და ჯამში 483 კანონი იქნა მიღებული.” იურისტების თქმით, განსაკუთრებით დატვირთული წლის ბოლო დღეები იყო, რა დროსაც სამართლის სხვადასხვა სფეროში ნაჩქარევი ტემპებით მნიშვნელვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, 15 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, 2-კვირიან პერიოდში, პარლამენტარებმა სულ 90 კანონი მიიღეს, რაც ჯამში მიღებული კანონების დაახლოებით 19 %-ს შეადგენს. საია-ს შეფასებით, აღნიშნული სწრაფი განხილვები ხშირად პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა. ძირითად დარღვევებს შორისაა: კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობა/ვადის დარღვევით გამოქვეყნება, საკომიტეტო განხილვებისას ქვორუმის არარსებობა, პარლამენტის სხდომაზე არმყოფი დეპუტატის ნაცვლად ხმის მიცემა, კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების მესამე მოსმენისას შეტანა.

”ჩვენ თვალწინ, ძალიან ხშირად ირღვეოდა რეგლამენტის ის ნორმები, რომლებიც გამჭვირვალობის სტანდარტებს ამკვიდრებენ პარლამენტში. კვლავ პრობლემაა პარლამენტის ვებ-გვერდზე კომიტეტის სხდომისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის სხდომამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნება. აღნიშნული ნორმა დაინტერესებული მხარეებისათვის არის იმის გარანტი, რომ შეიტყონ მათთვის საინტერესო კანონპროექტების განხილვის განრიგი და დაესწრონ მათ. მითითებული წესის ხშირი დარღვევა, რაც ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში 2011 წელს, აბრკოლებს საიასა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობას კანონშემოქმედებით საქმიანობაში და თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან,” -წერია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იურისტების თქმით, მაგალითად, 2011 წლის ბოლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ისე მიიღეს მეორე და მესამე მოსმენით, რომ ინფორმაცია მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის შესახებ საერთოდ არ გამოქვეყნებულა. ასევე, არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია არასრულწლოვანთა რეფერალთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვის შესახებ. საია-ს ცნობით, ასეთი მაგალითები უამრავია.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ყურადღებას ასევე ამახვილებს ქართველ პარლამენტართა მიერ დარბაზში არმყოფი კოლეგების ნაცვლად ხმის მიცემის ფატქებზე, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

საია-ს ინფრომაციით, ასევე, იშვიათი მოვლენა არაა, როდესაც კანონპროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას მესამე მოსმენისას განიცდის, სწორედ მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტი მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანას უშვებს. ასე მოხდა, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვისას, რაც კანონის უხეში დარღევაა.

”გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს პარლამენტში  მუშავდება პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტი. აღნიშული პროცესი სრულიად დახურულია. გუშინ ცნობილი გახდა ახალი რეგლამენტის ფარგლებში მომზადებული ერთ-ერთი ინიციატივის შესახებ, რომელიც პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების კამერებით მუშაობის შეზღუდვას გულისხმობს. უმჯობესია, საქართველოს პარლამენტმა საკუთარი ძალისხმევა მიმართოს ზემოთ აღნიშნული მრავალგვარი დარღვევების აღკვეთისაკენ, და არა ჟურნალისტებისათვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებისაკენ. გამოვთქვამთ იმედს, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტი მიმართული იქნება არა დღეს არსებული გამჭვირვალობის სტანდარტების გაუარესების, არამედ მათი კიდევ უფრო ამაღლებისაკენ, რაც პარლამენტის ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასევე, ახალმა რეგლამენტმა აქცენტი უნდა გააკეთოს დღეს არსებული სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრაზე, მათ შორის: რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, საკანონმდებლო პროცესისათვის უფრო ხანგრძლივი ვადების დადგენასა და მათ ზუსტად გაწერაზე,”- წერია საია-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს, გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმიანობას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და წარმართონ კანონის სრული დაცვით. ასევე, მოუწოდებენ საქართელოს პარლამენტს, საჯარო გახადოს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესი და მისცეს მასში მონაწილეობის შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი