ახალი ამბები

შემწვარი კარტოფილი და ლობიო – ყველაზე ხშირად მოხმარებადი კერძები საქართველოში

30 ივნისი, 2016 • 3645
შემწვარი კარტოფილი და ლობიო – ყველაზე ხშირად მოხმარებადი კერძები საქართველოში

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ”ოქსფამისა” და “ელკანას” მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობისათვის კვების რაციონის მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა კვლავ გამოწვევად რჩება.

კვლევაში გამოკითხული ოჯახების 58% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვერ მიიღეს რომელიმე სახის სურსათი. ორგანიზაციაში იმასაც აცხადებენ, რომ ოჯახების დიდი რაოდენობა საქართველოში დროდადრო კრედიტით ყიდულობს საკვებ პროდუქტებს.

კვების მრავალფეროვნების დაბალი და საშუალო დონის მქონე რესპონდენტები ძირითადად ზეთით და ბოსტნეულით იკვებებიან. ხილი და ხორცი ხელმისაწვდომია მხოლოდ გამოკითხული მაღალშემოსავლიანი ოჯახების უმრავლესობისთვის.

“საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნახშირწყლოვან საკვებს მოიხმარს და განიცდის ხორცეული და თევზეულის ნაკლებობას, რომელიც მდიდარია ცილებით, რკინით და A ვიტამინით. მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ საკვებს, რომელსაც ძირითადად იღებს ცხოველური წარმოშობის პროდუქციიდან. რკინით მდიდარი საკვების მოხმარება განსაკუთრებით დაბალია ქალებსა და ბავშვებში – მხოლოდ 33–34%,” – ვკითხულობთ კვლევაში.

ბრიტანული ორგანიზაციის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ყველაზე ხშირად მიირთმევენ შემწვარ კარტოფილს, ლობიოს და აჯაფსანდალს, ხორციანი კერძები კი შედარებით იშვიათია. შემწვარი კარტოფილი პოპულარულია საქართველოს ყველა რეგიონში, გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთისა, სადაც ყველაზე გავრცელებულ კერძად დასახელებულია საცივი.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკვები პროდუქტების შესყიდვისას კვლევის რესპონდენტების უმრავლესობა აცხადებს, რომ კითხულობს ეტიკეტებს საკვებ პროდუქტებზე. თუმცა მათი ინტერესის ძირითად საგანს წარმოადგენს მხოლოდ ვარგისიანობის ვადა, ფასი და არა მისი შემადგენლობა.

კვლევაში მონაწილე ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს: მარცვლეულს, მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებს, ბოსტნეულს, რძესა და რძის პროდუქტებს, მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ჯგუფის საკვებს. ხილს და ხორცს მოიხმარს ქალების მხოლოდ ის ჯგუფი, რომელსაც 1000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ. მარტოხელა პენსიონერების 24% მოიხმარს რკინით მდიდარ პროდუქტებს, რაც კვლევის ავტორთა განცხადებით, საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

კვლევის რესპონდენტების მხოლოდ 29%-ს მიაჩნია, რომ ისინი ჯანსაღად იკვებებიან. თუმცა მათი ნახევარი ფიქრობს, რომ ჯანსაღი კვება ნიშნავს მეტი ბოსტნეულის მიღებას.

კვლევის მიხედვით, საქართველოში ოჯახების საშუალო თვიური შემოსავალი შეადგენს 575 ლარს და თითქმის ნახევარი იხარჯება საკვებზე. დაბალშემოსავლიანი ოჯახები საკვებზე  ხარჯავენ თავიანთი შემოსავლის 65%-ს, ხოლო მაღალშემოსავლიანი ოჯახები – მხოლოდ 35%-ს.

გამოკვლეული ოჯახების ნახევარზე მეტის ყოველთვიური ხარჯები გაიზარდა შარშანდელ წელთან შედარებით და უმეტესობის შემოსავალი იგივე დარჩა. კვლევის შედეგების მიხედვით ყოველ მესამე ოჯახს საქართველოში არა აქვს საკმარისი ფული სურსათის საყიდლად.

ზრდასრული ასაკის ინდივიდების 54% საშუალო დონის მრავალფეროვნების საკვებით იკვებება.

“ყველაზე დაბალი დონის კვლევის მრავალფეროვნება შეინიშნება პენსიონრებსა და დაბალშემოსავლიან რესპონდენტებში. მატი უმეტესობა აცხადებს, რომ ძირითადად ბურღულეულით და ბოსტნეულით იკვებება,” – ნათქვამია კვლევაში.

კვლევა უჩვენებს, რომ თბილისის მოსახლეობის კვების მრავალფეროვნების დონე უფრო დაბალია, ვიდრე სხვა ქალაქებში და სოფლებში მაცხოვრებლების.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს, რაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური და გონებრივი განვითრების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, კვების ასეთი რაციონი ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების განვითარების რისკს, რაც ბავშვებში განვითარებასა და ზრდაში ჩამორჩენით გამოიხატება.

“ბავშვები ჭამენ ნაკლებ ბოსტნეულს, ზეთს და ცხიმებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ვიდრე სრულწლოვნები. უფრო მეტიც, გამოკითხული ბავშვების შედარებით ნაკლები პროცენტული ოდენობა იღებს ხორცს, ფრინველის ხორცს, თევზს, ზღვის პროდუქტებს, კვერცხს და პარკოსნებს.”

კვლევის ავტორებმა რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია შეიმუშავეს. მათი განცხადებით, მნიშვნლოვანია ქვეყანაში ნუტრიციასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკის ჩამოყალიბება და სასურსათო უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის სრულყოფა. ასევე, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება დაუბალანსებელი კვებით გამოწვეული დაავადებების შესახებ.

როგორც “ოქსფამში” აცხადებენ, პრობლემებთან გასამკავლებლად განათლების სამინისტროს როლი უნდა გაიზარდოს და სასკოლო პროგრამებში ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია უნდა შევიდეს.

ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფამისა” და “ელკანას” ინიციატივით კვლევა გასულ წელს ჩატარდა და მისი შედეგები ახლა გახდა ცნობილი. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა 1000 ინდივიდუალური ინტერვიუ რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში. კვლევითი ორგანიზაციის განცხადებით, მათ ცალ-ცალკე გამოიკვლიეს კვების მრავალფეროვნების მხრივ პრობლემები ზრდასრულებსა და ბავშვებში. ბრიტანული ორგანიზაცია ”ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფისა და მცირე ფერმერების მხარდაჭერის” პროექტს საქართველოში ეროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი