ახალი ამბები

WISG-ის ცნობით, ტრანსფობიურ ნიადაგზე თბილისში ქალს სცემეს

29 ივნისი, 2016 • 1531
WISG-ის ცნობით, ტრანსფობიურ ნიადაგზე თბილისში ქალს სცემეს

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ინფორმაციით, 25 ივნისს გმირთა მოედნის მიმდებარედ უცნობმა პირმა ტრანსგენდერ ქალს, სავარაუდოდ, ტრანსფობიურ ნიადაგზე სცემა.

როგორც “ნეტგაზეთს” “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” იურისტმა ქეთი ბახტაძემ განუცხადა, ტრანსგენდერი ქალის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ლურსმნიანი ხელჯოხი ჰქონდა. დაზარალებულს მარჯვენა ხელზე ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო თავდამსხმელი გაიქცა.

როგორც დაზარალებულმა ქეთი ბახტაძეს განუცხადა, მან პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავებს არ ჰქონდათ რეაგირება და გამოძიება არ დაუწყიათ. შემდეგ მათ სხვა ეკიპაჟებიც გამოიძახეს და პოლიციას სთხოვეს, გამოძიება დაეწყოთ, რის შემდეგაც პოლიციამ 4 ტრანსგენდერი ქალი დააკავა ადმინისტრაციული წესით.

ქეთი ბახტაძის ინფორმაციით, ორ ტრანსგენდერ ქალს, რომელთაც იგი იცავდა, პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელების დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა. ხოლო დანარჩენს ორს- მარტო 173-ე მუხლის დარღვევას.

ბახტაძის განმარტებით, ამ ქალებმა, რომლებიც ამ ორი მუხლით დააკავეს, აღიარეს, რომ მართლაც  ხმამაღლა ყვიროდნენ, მაგრამ აქ უნდა შეფასდეს სიკეთე, რომელსაც ისინი იცავდნენ ამ ხმამაღალი ყვირილით.

“მაშინ, როდესაც დანაშაულია ჩადენილი, პოლიციის ბრიგადა მოვიდა და რეაგირება არ გააკეთა და ველოდებით მეორე ბრიგადას და მეორეც რომ მოდის, დაზარალებულს არ აქვს იმის განცდა, რომ რეაგირებას მოახდენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიზანი რა იყო ამათი, არა ადმინისტრაციული სამართლდარღვევა, არამედ ის, რომ გაეპროტესტებინათ პოლიციელების უმოქმედობა”, – განაცხადა ქეთი ბახტაძემ.

მისი თქმით, სასამართლომ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, არ დააკმაყოფილა პოლიციის მოთხოვნა, არ დააკისრა ქალებს 250 ლარი ჯარიმა და მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა. სხდომა 25 ივნისს გაიმართა.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით დაიწყო რაც ცემას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი