ახალი ამბები

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

29 ივნისი, 2016 • 1698
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა

ჯერჯერობით დაუდასტურებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში სირიაში საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა – პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები ომარ მარგოშვილი და სოფელ დუმასტურში მცხოვრები ასლანბეგ ბორჩაშვილი.

“კახეთის საინფორმაციო ცენტრისა” (ICK) და პანკისის სათემო რადიო “ვეის” ცნობით, ასლანბეგ ბორჩაშვილი საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციულ ტექნოლოგიებს სწავლობდა, საქართველოდან თურქეთში 2015 წლის აგვისტოში წავიდა ბიძაშვილთან ერთად, იქიდან კი სირიაში გადავიდა.

ICK იუწყება, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილი თურქეთში სამუშაოდ იყო წასული. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასლანბეგ ბორჩაშვილის და მასთან ერთად მისივე ბიძაშვილის, ამირან ბორჩაშვილის სირიაში წასვლის შესახებ გასული წლის სექტემბერში იუწყებოდა. ორივე მათგანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ამირან ბორჩაშვილი ისტორიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

პანკისი უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას ამბობს, რომ ასლანბეგ ბორჩაშვილის გარდაცვალება დადასტურებული არ არის: “მე დღეს დავინტერესდი და ვიკითხე, აქვს თუ არა ოჯახს სამძიმარი. მითხრეს, რომ ჯერჯერობით თავს იკავებენ, რადგან დარწმუნებულები არ არიან”, – ამბობს უხუცესთა საბჭოს წევრი. “ისინი [ბიძაშვილები – ასლანბეგ და ამირან ბორჩაშვილები], ჩემი აზრით, იმ პერიოდში არიან წასულები, როდესაც, ასე ვთქვათ, აქტიურად მიმდინარეობდა სირიაში გადინება”, – თქვა ხანგოშვილმა.

ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა დუმასტურის რწმუნებულს, როსტომ ალხანაშვილს, თუმცა მის მობილურ ტელეფონზე სხვა ადამიანმა გვიპასუხა, რომელიც გაგვეცნო, როგორც ალხანაშვილის თანაშემწე და გვითხრა, რომ ბორჩაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო და არ იცის, რამდენად შეესაბამება ის სინამდვილეს.

2015 წელს წავიდა საქართველოდან თურქეთსა და შემდეგ სირიაში 39 წლის ომარ მარგოშვილიც. ICK-ს ცნობით, ის ე.წ ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო და ახმედ ჩატაევის დაჯგუფება „იარმუკში“ იბრძოდა. 

სოფელ დუისის რწმუნებული, თამარ მარგოშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ მისი ნათესავის, ომარ მარგოშვილის დაღუპვის ამბავი მედიისგან გაიგო. “კახეთის საინფორმაციო ცენტრს” კი უთხრა: “ყველამ ვიცოდით, რომ სირიაში იყო, თურქეთშიც იმ მიზნით წავიდა, რომ სირიაში გადასულიყო. თავიდანვე მათი მიმდევარი იყო. ოჯახმა სცადა დაეყოლიებინა, რომ არ წასულიყო, მაგრამ თქვა, არ გავჩერდებიო“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ “მიმდინარეობს ფაქტების გადამოწმება”. სუს-ი ამ დრომდე ვერ ადასტურებს – შეესაბამება თუ არა სიმართლეს მარგოშვილისა და ბორჩაშვილის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებული ცნობები. ამ დრომდე სირიაში საქართველოს 18 მოქალაქეა დაღუპული, მათგან 15 პანკისის მკვიდრია. ბორჩაშვილისა და მარგოშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, სირიაში დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 20-მდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი