ახალი ამბები

ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

29 ივნისი, 2016 • 2085
ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს  პარასკევს ეწვევა. ვიზიტამდე ექსკლუზიური ინტერვიუ ნეტგაზეთისთვის ჟურნალისტმა სილვია შტიობერმა მოამზადა. 


 

გერმანიაში კამათობენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე. ზოგი პოლიტიკოსი თვლის, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გერმანიაში თარეშის გამო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თარიღი უნდა გადაიწიოს. ქართველი პოლიტიკოსები კი, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ამბობენ, რომ ამის გამო ყველა ქართველი არ უნდა დაისაჯოს. მისი აზრით, კრიმინალების წინააღმდეგ სხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს. საქართველომ თავის მხრივ სავიზო ლიბერალიზაციისათვის საჭირო ყველა პირობა შეასრულა. როგორ ფიქრობთ, უნდა მოხდეს თუ არა ამ ორი თემის ერთმანეთთან დაკავშირება და არსებობს თუ არა შანსი, რომ საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე მიიღოს?

საქართველომ გაატარა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა, ამიტომ ევროკავშირიც შეასრულებს თავის პირობას. ამგვარად, საკითხავია არა ის, მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს, არამედ როდის მოხდება ის, რასაც რეფორმების გატარებისას დიდი ძალისხმევისათვის მოქალაქეები სამართლიანად ელიან. მაგრამ ჩვენ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ ევროკავშირში არსებული სირთულეები. ამიტომ გვჭირდება მექანიზმი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის მოკლე ხანში შეჩერების შესაძლებლობას მოგვცემს – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ყველა იმ ქვეყნისათვის, ვისთანაც ახლა სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკავშირის საბჭო ძალიან მალე შეთანხმდა ასეთ მექანიზმზე. ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტიც მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გზას გაუხსნის ვიზის ლიბერალიზაციას.

საქართველო საკუთარ თავს ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მის შორეულ პერსპექტივას ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს. ასოცირების შეთანხმება წევრობისკენ მიმავალ ერთ ნაბიჯად აღიქმება. რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით გერმანიას და როგორ აფასებთ საქართველოს შანსებს ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ფონზე?

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რომელიც ხანგრძლივი და ინტენსიური მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ზეგ შევა ძალაში, არის მნიშვნელოვანი მოვლენა: მისი იმპლემენტაციით ჩვენი ურთიერთობები ისეთი მჭიდრო გახდება, როგორც არასდროს. იმისათვის, რომ სრულად იქნეს გამოყენებული ეს პოტენციალი, აუცილებელია ასოცირების შეთანხმების თანმიმდევრული იმპლემენტაცია. ეს მოითხოვს მთელ რიგ საფუძვლიან და ამავე დროს მძიმე რეფორმებს, მაგალითად, სტანდარტების მისადაგებას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, კორუფციასთან თანმიმდევრულ ბრძოლას, საჯარო ადმინისტრირების რეფორმებს და ეკონომიკის მოდერნიზაციას – აქ მხოლოდ რამდენიმე სფერო ჩამოვთვალე. რეფორმების გატარების დადებით შედეგებზე მიუთითებს უახლესი ეკონომიკური მაჩვენებლები: 2014 წლის სექტემბრიდან მოყოლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროებითი გამოყენების  შედეგად ქართული ექსპორტი ევროკავშირში 12%-ით გაიზარდა.

2008 წლის ომის წინ თქვენ წარადგინეთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტების მოგვარების გეგმა. რა მდგომარეობაა ახლა? აქვს გერმანიას სტრატეგია ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებიც, საქართველოს მსგავსად, რუსეთსა და ნატოს ან ევროკავშირს შორის მდებარეობენ და რომლებიდანაც რამდენიმეში ტერიტორიული კონფლიქტები არსებობს, რაშიც რუსეთია ჩართული?

2008 წელს მნიშვნელოვანი იყო, ომის საშიშროება აგვეცილებინა თავიდან. სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა ამ ომის უკან არსებული კონფლიქტების მოგვარება. დღემდე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში არის მცდელობები ძალადობაზე უარის თქმის დეკლარაციის მიღებისათვის. როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ბევრი პატარა ნაბიჯის პოლიტიკით აღვადგინოთ ელემენტარული ნდობა  კონფლიქტის მხარეებს შორის. ერთი მხრივ, ვცდილობთ უფრო ინტენსიური გავხადოთ პოლიტიკური დიალოგი მხარეებს შორის და ისევ განვაახლოთ მოლაპარაკებების ფორმატები, რათა მიღწეულ იქნეს წინსვლა ზემოთ ხსენებულ კონფლიქტების მოგვარებაში. მეორე მხრივ, ჩვენ, გერმანელებმა საკუთარი ისტორიიდან ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია უშუალო კონტაქტი ადამიანებს შორის იმისათვის, რომ შემცირდეს უარყოფითი სტერეოტიპებით სავსე დაპირისპირება და მოხდეს ნდობის აღდგენა. ამიტომ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა პროექტს, მაგალითად, გერმანული ბერგჰოფის ფონდის მიერ ორგანიზებულ „ბიოგრაფიულ სალონს“ – ადამიანების შეხვედრებს ადმინისტრაციული ზოლის ორივე მხარეს. ამ შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს ის, რომ ერთმა მხარემ მოუსმინოს მეორეს, განავრცოს თავისი წარსულის ხედვა და ამის შედეგად  მომავლის ერთობლივი ხედვა შეიქმნას.

ბევრი ქართველი შეშფოთებული აკვირდება სიტუაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, იმის გამოც, რომ რუსეთის ჯარი სამხრეთ ოსეთში, თბილისიდან 50 კილომეტრში დგას. რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა აქამდე აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაცია ნაკლებად შეცვალა. რატომ არ განიხილება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხი?

გერმანიის საგარეო საქმეტა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ლუქსემბურგი, 24 ივნისი, 2016. ფოტო: EPA/JULIEN WARNAND

გერმანიის საგარეო საქმეტა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ლუქსემბურგი, 24 ივნისი, 2016. ფოტო: EPA/JULIEN WARNAND

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული კონფლიქტის მოგვარებისათვის არსებობს მხოლოდ პოლიტიკური გამოსავალი. ამიტომ ჩვენ ფრანგ პარტნიორებთან ერთად თავიდანვე ვცდილობთ, მინსკის შეთანხმებების საფუძველზე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მივაღწიოთ. ასე, მაგალითად, მოვახერხეთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება. სწორია, რომ მინსკის შეთანხმებების ბოლომდე გატარება  ჯერ ისე ვერ ხერხდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ გამოვავლინეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები და შევიმუშავეთ მათი გადაჭრის კონკრეტული წინადადებები და ახლა ამ წინადადებების შესრულება ორივე მხარის კომპრომისებისადმი მზადყოფნაზეა  დამოკიდებული. სანქციების მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი პოლიტიკური ქმედებების მოტივაციის შექმნა, რომლებიც ორიენტირებული იქნება ამ წინადადებების განხორციელებაზე.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში დაახლოებით 870 ქართველი ჯარისკაცია გაგზავნილი, 2015 წელს საქართველო ბუნდესვერის შემდეგ იქ ყველაზე დიდი კონტინგენტით იყო წარმოდგენილი. ქართველი ჯარისკაცები ასრულებენ სამხედრო ბაზების დაცვის ამოცანას, მათ შორის არის ასევე გერმანული სამხედრო ბაზა მაზარ-ი-შარიფში. ამით ქართველი ჯარისკაცები უმსუბუქებენ ბუნდესვერს თავის მისიას. რა დახმარებას უწევს გერმანია ამის სანაცვლოდ საქართველოს?

ჩვენ მადლობლები ვართ ქართველი ჯარისკაცების მიერ ავღანეთის ჩრდილოეთში ნატოს მისიის მხარდაჭერისათვის და დიდად ვაფასებთ მათ შემართებას ამ მისიაში. ჩვენ 1995 წლიდან ვეხმარებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჯარისკაცების გადამზადებაში: ბუნდესვერმა 20 წლის განმავლობაში გადაამზადა 2000 ქართველი სამხედრო პირი, მათ შორის 23 გენერალი. გერმანია ქართულ მისიას ავღანეთში სუბსტანციურადაც უჭერს მხარს, მაგალითად, გერმანული მანქანებით, რომლებიც ჯარისკაცებს საუკეთესო დაცვას სთავაზობს, ასევე, ჯარისკაცების სამედიცნო მომსახურებითაც. ეს მართლაც რომ სამაგალითო თანამშრომლობაა.

საქართველოს ნატოში წევრობას არა მარტო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე შეპირდნენ. კანცლერმა მერკელმა ეს დაპირება გაიმეორა თავისი ვიზიტისას თბილისში 2008 წლის აგვისტოში. რა დამოკიდებულება აქვს გერმანიის მთავრობას ამ დაპირებისადმი? რამდენად არის  ნატოს „არსებითი პაკეტი“ ნატოში საქართველოს მალე მიღების ალტერნატივა?

ჩვენ მხარს უჭერთ ბუქარესტის გადაწყვეტილებებს. საქართველოს ნატოსთან დაახლოებისათვის შევთანხმდით „არსებით პაკეტზე“, რომელიც შეიცავს სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ პროექტებსა და ღონისძიებებს, რომლებმაც უნდა გააუმჯობესოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და ნატოსთან თანამშრომლობა. გერმანიამ ეს კონცეფცია შექმნა და მრავალმხრივ იღებს მონაწილეობას მის განხორციელებაში. მაგალითად, ჩვენ გავგზავნეთ „NATO Core Teams“-ის ხელმძღვანელი, ასვე „Defence Institution Building“-ის სკოლის პროექტის ხელმძღვანელი თბილისში, სადაც ჩატარდება ტრენინგები სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორისათვის. 8-9 ივლისს ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას საქართველოსა და ნატოს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისადმი.   


შენიშვნა: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვებს წერილობით უპასუხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი