ახალი ამბები

8 ტერაქტი 2 წელიწადში – თურქეთი

29 ივნისი, 2016 • 1901
8 ტერაქტი 2 წელიწადში – თურქეთი

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. მათ შორის მინიმუმ 13 უცხოელია. ტერაქტის შედეგად დაშავებულია 239-ზე მეტი ადამიანი.

“ბიბისის” ცნობით, 28 ივნისს,დაახლოებით 10 საათისათვის, ათათურქის აეროპორტში სამი თავდამსხმელი ტაქსით მივიდა. მათ ტერმინალის შესასვლელთან დაიწყეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპასუხოდ ცეცხლი გახსნა,  თავი აიფეთქეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი, ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ შესაძლოა თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დგას, თუმცა ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. “ბიბისის” მიხედვით, უკანასკნელი აფეთქებები ისლამურ სახელმწიფოს ან ქურთ სეპარატისტებს უკავშირდება.

ბიბისი იუწყება, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც პოლიცია ესვრის. ამის შემდეგ იგი 20 წამის განმავლობაში, თავის აფეთქებამდე, იატაკზეა დაგდებული. სამივე თავდამსხმელი დაიღუპა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს თავდასხმა უნდა გახდეს გარდამტეხი ეტაპი მილიტარისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. “ბომბები, რომლებიც დღეს სტამბულში აფეთქდა, მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ აეროპორტში შეიძლებოდა აფეთქებულიყო”, – განაცხადა ერდოღანმა.  

თურქეთის ტერიტორიაზე 2015-2016 წლების განმავლობაში რამდენიმე აფეთქება და თავდასხმა მოხდა. 8 თავდასხმიდან 4 შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფება “ტაკმა” (TAK), 1 შემთხვევაში – “ისლამურმა სახელმწიფომ”. 3 შემთხვევაში კი მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ამ შემთხვევებშიც “ისლამურ სახელმწიფოს” ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი