ახალი ამბები

სირიიდან საელჩოებმა ევაკუაცია დაიწყეს

7 თებერვალი, 2012 • • 1048
სირიიდან საელჩოებმა ევაკუაცია დაიწყეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის დედაქალაქ დამასკოში თავისი საელჩო დახურა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნიდან თავისი ელჩი გაიწვია. საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, სირიასა და ტუნისში კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

საქართველოს ელჩმა ეგვიპტესში, სირიასა და ტუნისში არჩილ ძულიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე სირიის ციხეში მოხვდა. საელჩო ინფორმაციის გადამოწმებას სირიის ხელისუფლებასთან ცდილობს. ელჩისვე თქმით, ამ დრომდე საელჩოსთვის არ მოუმართავს სირიაში მყოფ ქართველებს. საქართველოს საელჩო კი დამოუკიდებელი რესურსებით ცდილობს მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. არჩილ ძულიაშვილის თქმით, საქართველოს საელჩო კაიროში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ვერ მიიღო რეზოლუცია სირიის შესახებ, რომელიც ქვეყნის ლიდერს, ბაშარ ალ ასადს, სირიაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას აკისრებდა და გადადგომისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციის მიზანი სირიაში 11-თვიანი სისხლისღვრის შეჩერება იყო, მაგრამ მას ვეტო რუსეთმა და ჩინეთმა დაადეს.

ტელეკომპანია NBC-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ბაშარ ალ ასადი უნდა წავიდეს. მისი თქმით, ეს დროის საკითხია და აუცილებლად მოხდება.

დიდ ბრიტანეთში დემონსტრანტების მიერ სირიის საელჩოს დარბევის შემდეგ, ბრიტანეტის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ”ასადის მკვლელი რეჟიმი განწურულია და გამორიცხულია, საერთაშორისო არენაზე მის მიმართ ნდობა აღდგეს.”

გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთისა და რუსეთის ვეტოს შემდეგ, ”ფოქს ნიუსის” ინფორმაციით, გაეროს ელჩმა სუზან რაისმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი აღნიშნული ვეტოთი თავს აყენებენ რისკის ქვეშ, რომ სამომავლოდ თავადაც აღმოჩნდნენ ასადის მსგავს იზოლაციაში. რაისის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს მოუწევეთ, ინანონ სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე ვეტოს უფლების გამოყენება.

საერთაშორისო საზოგადოების მსგავს შეფასებებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ”ისტერიული” უწოდა. მისი თქმით, რუსეთმა ვეტოს უფლება იმიტომ გამოიყენა, რომ მიაჩნია, სირიაში ძალადობა მხოლოდ ხელისუფლებისგან არ მოდის. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთს სირიაში ვითარების დასარეგულირებლად საკუთარი დიპლომატიური რესურსი გააჩნია. სწორედ ამის გამო უახლოეს დღეებში სერეგი ლავროვი სირიის ამჟამინდელ მმართველს, ბაშარ ალ ასადს, დამასკოში შეხვდება.

სირიაში არეულობა 2011 წლის მარტში დაიწყო. ხელისუფლების ბრძანებით, პოლიციამ და ჯარისკაცებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი არაერთხელ გაუხსნეს. ე.წ. არაბული გაზაფხულით შთაგონებულმა მოსახლეობამ გასული წლის გაზაფხულზე ასადის გადადგომა მოითხოვა.

სირიაში სამშვიდობო მანიფესტაციების დარბევისა და სამხედროებთან შეტაკების შედეგად, გაეროს მონაცემებით, 2011 წლის მარტიდან 5 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული. მიუხედავად ამისა, არსებული არეულობის შესახებ ზუსტი მონაცემების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან სირიის ხელისუფლებამ საერთაშორისო მედიას  ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი