ახალი ამბები

ჟურნალისტთა შეზღუდული თავისუფლება ახალ პარლამენტში

6 თებერვალი, 2012 • • 1041
ჟურნალისტთა შეზღუდული თავისუფლება ახალ პარლამენტში

პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

პარლამენტის ქუთაისში გადასვლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებმა შესაძლოა, ინდივიდუალური ვიდეოკამერებით ვერ იმუშავონ. ჟურნალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ ეს პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობაზე უარყოფითად აისახება, ნაწილი კი კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა დღეს, 6 თებერვალს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქუთაისში მშენებარე პარლამენტის ახალი შენობის სპეციფიკდიან გამომდინარე, ჟურნალისტები პარლამენტის სხდომათა დარბაზსა და კომიტეტის სხდომებზე ინდივიდუალური კამერებით ვერ იმუშავებენ. პარლამენტში შეიქმნება მედიაცენტრი, სადაც ჟურნალისტები შეძლებენ მუშაობას. პლენარულ სხდომათა დარბაზში 8 კამერა იმუშავებს, საიდანაც წამოსულ სიგნალს ჟურნალისტები მედიაცენტრში მიიღებენ და ტელევიზიისთვის კადრების გადაწერას შეძლებენ. ასევე, კამერები იქნება დამონტაჟებული საკომიტეტო განხილვების დარბაზებში. მიხეილ მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის სხდომების გაშუქებას მთლიანად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი უზრუნველყოფს, რაც, პარლამენტის ვიცე-სპიკერის აზრით, გამორიცხავს ეჭვებს ცენზურასთან დაკავშირებით.

იურისტ თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ ეს არის პარლამენტის გამჭვირვალობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

”მე მახსოვს, პირველად ეს დაიწყო საქართველოს მთავრობით. პირველად სწორედ მთავრობის სხდომებზე აეკრძალათ ჟურნალისტებს თავისუფლად შესვლა და მუშაობა. მიუთითეს, რომ ჟურნალისტებს ექნებოდათ ერთი საკონფერენციო ადგილი, საიდანაც ისინი გაიგებდნენ ინფორმაციას. მერე ამას მოჰყვა ის, რომ მთავრობის სხდომები საერთოდ დაიხურა. შემდეგ სასამართლოში აბსოლუტურად შეიზღუდა ჟურნალისტების მუშაობა და ახლა, პარლამენტში. პარლამენტში ყოვლად დაუშვებელია მსგავსი ტიპის შეზღუდვა იმიტომ, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური დებატების ორგანო და განსაკუთრებით დაცულია იქაური სიტყვის თავისუფლების უფლება, ანუ პარლამენტიდან ჟურნალისტს განსაკუთრებით იოლად და მარტივად უნდა შეეძლოს ინფორმაციის გამოტანა. ასეთი დაბრკოლებები მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სწორედ გამჭვირვალობის საწინაღმდეგოდ მოქმედებს და ყველა ღონეს ხმარობს, რომ ინფორმაცია რთულად იყოს ხელმისაწვდომი,” – განუცხადა თამარ კორძაიამ ”ნეტგაზეთს.”

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციები ახალ პარლამენტში გააუარესებს როგორც ჟურნალისტთა სამუშაო პირობებს, ასევე, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხარისხს. ზვიად ქორიძის აზრით, პარლამენტიც ისევე დახურული ორგანო გახდება, როგორც ეს სასამართლოს შემთხვევაში მოხდა.

”ცოტა უცნაურია, რომ ეს ხდება საპარლამენტო წელს, საპარლამენტო არჩევნების წელს, როდესაც ძალიან ბევრი პოლიტიკური ბატალია პარლამენტის სხდომათა დარბაზში, კომიტეტებსა და კომისიებში უნდა გაიშალოს. მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, ამ პერიოდში ძალიან ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა გაჩნდება და საკანონმდებლო პროცესი უფრო აქტიური გახდება,” – ამბობს ზვიად ქორიძე, ”- ჟურნალისტები დამოკიდებული გახდებიან ოფიციალური სტრუქტურის მიერ გადაღებულ მასალაზე და მათ ნაკლებად ექნებათ საშუალება, იმუშაონ ცალკეულ დეპუტატებთან – გაესაუბრონ, ჩაიწერონ კომენტარები და ა.შ.”

ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რეგულაციების დანერგვისას არგუმენტად განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების მაგალითებს იშველიებენ, რაც არ არის გამართლებული. ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი კონტექსტი და გამოცდილება გააჩნია კონკრეტულ სფეროში. მისი თქმით, ხელისუფლება ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ისეთ პრაქტიკას, რომელიც მისაღები იქნებოდა თუნდაც მედიის წარმომადგენლებისთვის.

”მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად შეხვიდეთ ბუნდესტაგის შენობაში და იქ პლენარული სხდომათა დარბაზიდან ისარგებლოთ პირდაპირი ჩართვის აპარატურით. ბუნდესტაგი იქ მოქალაქეებს პირდაპირი ჩართვის აპარატურასაც კი სთავაზობს,” – ამბობს ზვიად ქორიძე.

მისივე მოსაზრებით,  შეიძლება, ოფიციალურმა კამერამ არ გადაიღოს უფრო მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ხდება პლენარულ სხდომაზე. ამ დროს არსებობს რისკი, რომ დისკუსია, კამათი, საარჩევნო პულტებით მანიპულირება და ა.შ. არ მოხვდეს ოფიციალურ კამერებში.

”პარლამენტს ეყოლება რეჟისორი, რომელიც გადაწყვეტს, რა გადაიღოს კამერამ,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ზვიად ქორიძემ.

ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თამარ რუხაძის მოსაზრება ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით ასეთია: ”თუ ინდივიდუალური კამერები არ იქნება დაშვებული და იქნება საერთო სიგნალი, გართულდება მუშაობა იმ მხრივ, რომ არის კადრები, რომელსაც საერთო კამერა არ გაჩვენებს. მთავარი კამერა მიმართულია სპიკერსა და გამომსვლელეზე და მათ გარდა, იქ არის სხვადასვხა კადრები, მაგალითად, პულტებით მანიპულირების კადრები, რომელიც ჩვენც და სხვასაც ბევრჯერ გადაგვიღია. ამგვარი კადრი საერთო კამერაში შესაძლოა არ მოხდეს.”

თამარ რუხაძე ასევე მიიჩნევს, რომ თუ ჟურნალისტს შეეძლება დეპუტატებთან ურთიერთობა და კითხვის დასმა, მაშინ პარლამენტის ღიაობას საფრთხე ნაკლებად დაემუქრება.

ახალ საპარლამენტო რეგულაციებზე ინფორმაციას არ ფლობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ”იმედისა” და ”რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები. შესაბამისად, საკითხის პირადად შესწავლამდე ისინი კომენტარს არ გააკეთებენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ვიდეოკამერებთან დაკავშირებულ რეგულაციებს არანაირი კავშირი არა აქვს პარლამენტის რეგლამენტის შესაძლო ცვლილებებთან.

”რეგლამენტში არც ახლა წერია, სხდომათა დარბაზში კამერები როგორ უნდა იყოს განთვასებული. ეს არ არის რეგლამენტის საქმე, ამას პარლამენტის აპარატის დებულება არეგულირებს. არანაირი კავშირი არა აქვს ამას რეგლამენტთან და არც მომავალში ექნება. ეს არ არის სარეგლამენტო საკითხი,” – განუცხადა პარლამენტარმა ”ნეტგაზეთს.”

თავდაპირველად პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ რეგულაციებზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარლამენტის ახალი რეგლამენტის ფარგლებში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი