ახალი ამბები

თვითმხილველის მონათხრობი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ

29 ივნისი, 2016 • 2120
თვითმხილველის მონათხრობი სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ

გთავაზობთ თვითმხილველის, მარგალიტა ჯაფარიძის მონათხრობს, რომელიც სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა ტერაქტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. გუშინ, 28 ივნისს ათათურქის აეროპორტში ტერაქტი მოხდა, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა და ას ორმოცდაათამდე ადამიანი დაშავდა.

კიშინოვიდან ღამის 10 საათისთვის გამოვფრინდით. ისეთი ღრუბელი იყო გარეთ, რომ თვითმფრინავის ფრთას ვერ ვხედავდი, გარე ნათურების ციმიმციმს ძლივს ვამჩნევდი. როცა ნისლია და ილუმინატორთან ვზივარ, ძალიან ვიძაბები. დაახლოებით ნახევარი საათი სტამბულში დასჭირდა, ვგრძნობდი, რომ წრეზე დავდიოდით. დასხდომისას მქუხარე ტაში შემოსცხეს, მივხვდი, რამდენი იყო ჩემსავით დასტრესილი. როგორც კი დავსხედით, პილოტმა გაგვაფრთხილა, რომ უსაფრთხოების მიზნით აეროპორტის შემოწმება მინდინარეობდა და დროის გარკვეული მონაკვეთი თვითმფრინავში უნდა გაგვეტარებინა, თუმცა, რამდენ ხანს ვიქნებოდით ასე, ჯერჯერობით არ იცოდა. ჩემს წინ სამი ბიჭი იჯდა, მთელი გზა ხარხარებდნენ.

ჩემი აეროპორტის თავგადასავლებიდან ერთ-ერთია ბერლინიდან სტამბულში გამოფრენა რამდენიმე თვის წინ, როცა ორ საათზე მეტი გავატარეთ ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავში. ამის ფონზე, დიდად უჩვეულოდ არ მიმიღია თვითმფრინავში ლოდინი და ძილი გავაგრძელე. ხმამაღალმა საუბარმა გამომაღვიძა. ჩემს წინ მხიარულ მეზობლებს ერთ-ერთი ანთებული მგზავრი თავზე დაადგა და ეუბნებოდა, რომ სასაცილო არაფერი იყო, რომ გარეთ ადამიანები დაიხოცნენ და იტანჯებიან. მოითხოვდა, რომ გაჩერებულიყვნენ, ხოლო დანარჩენზე პასუხს თვითმფრინავიდან ჩასვლის შემდეგ აგებინებდა.

მეორე მგზავრი ქალბატონი გაღიზიანებულს შეუბრუნდა და სთხოვდა, რომ გაჩერებულიყო და არაფერი ეთქვა, რადგან თვითმფრინავში ბავშვები ისხდნენ, დიდ პანიკას გამოწვევდა და რეალურად არც დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონდა იმაზე, რასაც ამბობდა. მამაკაცს გარს შემოევლნენ ბორტგამცილებლები და სთხოვდნენ, თავისი ადგილი დაეკავებინა.

ცოტა დავიძაბე, დავეჭვდი, ნამდვილად აეროპორტის უსაფრთხოების მიზნით შემოწმების გამო ვისხედით თვითმფრინავში, თუ თავად ჩვენი თვითმფრინავი არ იყო უსაფრთხო აეროპორტისთვის?! მივხვდი, რომ ამაზე ფიქრიც კარგს არაფერს მომიტანდა და ძილი გავაგრძელე.

საათნახევრის შემდეგ ავტობუსები მოვიდა. ბარგს თვითმფრინავიდან ზიდავდნენ და იქვე ამწკრივებდნენ. პილოტმა გაგვაფრთხილა, რომ რიგრიგობით ჩაგვიშვებდნენ თვითმფრინავიდან, ყველას ჩვენ-ჩვენი ბარგი უნდა ამოგვეცნო და ავტობუსში ხელით აგვეტანა, ხოლო შემდეგ როგორ მოვიქცეოდით, აეროპორტის პერსონალი გვეტყოდა.

ბარგის ამოცნობა თითქმის ყველა ჩვენგანმა შეძლო. ავტობუსმა აეროპორტის შესასვლელში დაგვტოვა. ექსკავატორები არ მუშაობდა და ხალხს ხელით აჰქონდა ჩანთები. აეროპორტის მაღაზიებსა და ოფისებში არავინ იყო. ისეთი გრძნობა მქონდა, მომუშავეებს საქმე შუა გზაში მიეტოვებინათ და გაქცეულიყვნენ. ხალხს თვითმფრინავიდან გამოტანილი პლედები და ბალიშები იატაკზე გაეფინა და ისვენებდა.

ყველანი საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან შევჯგუფდით. შემეშინდა, დიდ ჩოჩქოლში არ მოვყოლიყავი, უკან დავიხიე და რიგებს გავერიდე. ძალიან ცხელოდა და უჰაერობისგან სუნთქვა გვიჭირდა. აეროპორტის პერსონალი ძირითადად თურქულად ან ინგლისურ-თურქულად რაღაცას გვიყვიროდა, მაგრამ უკანა რიგებში ხმა არ გვესმოდა და ინფორმაცია წინა რიგებიდან მოგვდიოდა.

მათი თქმით, ის მგზავრები, რომლებიც დილის ორ საათამდე უნდა გაფრენილიყვნენ, უნდა დარჩენილიყვნენ აეროპორტში, ხოლო დანარჩენებს, რომლებიც ორი საათის შემდეგ მიფრინავდნენ, სასტუმროებში გადაანაწილებდნენ. ბავშვები იატაკზე გაწოლილები ტიროდნენ, ხელში აყვანას იხვეწებოდონენ. ხალხი საჭმელს ერთმანეთს უზიარებდა. ჩემს გვერდით წყვილი ქათმის ბარკლებს ჭამდა, ძვლებს კი თავიანთი ბარგის ურიკის ქვეშ ყრიდნენ. აქეთ ერთი სიგარეტს ეწეოდა, მეორე მას ეჩხუბებოდა. ხალხი ინფორმაციას ითხოვდა, ზოგი პერსონალს ხმამაღლა უყვიროდა კიდეც და გასასვლელს ეჯაჯგურებოდა.

რიგში დაახლოებით ორი საათით დგომის შემდეგ, საპასპორტო კონტროლის ჯიხურები გაიხსნა. ხალხის ნაწილი უკან დააბრუნეს იმ მიზეზით, რომ ქალაქში შესასვლელად თურქეთის ვიზა სჭირდებოდათ. მოსთხოვეს, რომ უკან დაეცადათ, რადგან მათ საკითხს მოგვიანებით გადაწყვეტდნენ. მე და კიდევ ხუთი ქართველი უპრობლემოდ გაგვატარეს. გამოვიარეთ აფეთქების ადგილი, საითკენაც ხალხი ხელს იშვერდა. გარშემო ჩემოდნები ეყარა, ვიღაცის ცალი ფეხსაცმელი და საბავშვო ეტლი. მუშები აეროპორტის დამსხვრეულ ფანჯრებს ბოლომდე ამტვრევდნენ და იღებდნენ.

“მოდი, ერთი ჩანთა მაინც წავიღოთ, ვინ რას გაიგებს ამ ამბავში?!”, – იხუმრა თუ ვითომ იხუმრა ერთ-ერთმა თანამემამულემ.

აეროპორტის პერსონალი თურქულად გვეუბნებოდა, რომ გასასვლელისკენ წავსულიყავით და ხელით გზას მიგვანიშნებდა. გარეთ ვინ გველოდებოდა? სად წავიდოდით? ამაზე ზოგი ამობდა, რომ არ იცოდა, ზოგი კი გვირჩევდა, რომ ტაქსი აგვეყვანა და სასტუმროში დავბინავებულიყავით. ვინ დაფარავდა ამ ხარჯებს? – ვეკითხებოდით და მხრებს იჩეჩავდნენ, ზოგი კი გვეუბებოდა, რომ წარდგენილი ზედნადების საფუძველზე ხარჯს ავიაკომპანია აგვინაზღაურებდა. ზოგი გვეუბნებოდა, რომ მეორე სართულზე უნდა ავსულიყავით და დეტალები ავიაკომპანიასთან გაგვერკვია. ზოგმა იმედი დაკარგა და აეროპორტში დარჩენა გადაწყვიტა. სკამები სავსე იყო, არავინ იცოდა, ვინ რას ელოდებოდა.

მე და კიდევ ორი მამაკაცი, რომლებსაც ხელში ჩასხდომის ბარათები ეჭირათ, ერთს – ბაღდადის, მეორეს – მალტის, ერთდროულად აღმოვჩნდით ჩვენი ავიაკომპანიის ოპერატორთან. ბოლოს და ბოლოს, გავიგეთ, რომ ჩვენი ავიაკომპანია სასტუმროთი უფასოდ უზრუნველგვყოფდა და ამისთვის გველოდებოდნენ ტერმინალ B-ში. ამ ტერმინალამდე კი ფეხით უნდა მისვულიყავით. მე, მალტისა და ბაღდადის მგზავრი გზას შევუდექით. ხალხის უმრავლესობა დარჩა და ქალაქისკენ მიმავალი ტრანსპორტის გამოჩენას ელოდებოდა.

ჩანთას ზურგით მივათრევდი, მაგრამ სიმძიმეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ ფეხით. ბაღდადის მგზავრი იტალიელი აღმოჩნდა. აღმართს რომ ავუყევით, მითხრა, ნეტავ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე საერთოდ თუ ფიქრობენ, აქ ამოსვლა როგორ უნდა შეძლონო?! ამოვედით დანიშნულების ადგილზე. მძღოლები ტაქსს გვთავაზობდნენ. ერთ-ერთი მძღოლი გზაზე გადაგვიდგა, ამ აღმართზე კიდევ ორი საათი უნდა იაროთ, სასტუმრომდე ფეხით ვერ მიხვალთ, ამიტომ სჯობს ტაქსით წაგიყვანთო.

ხუთ წუთში ავტობუსების გაჩერებაზე აღმოვჩნდით. ავედი ავტობუსში და თან უკან ვიყურებოდი, ქართველები ხომ მომყვებიან-მეთქი, მეგონა, რომ უფრო გაგვიმარტივდებოდა, თუ ერთი და იმავე რეისის მგზავრები ერთად აღმოვჩნდებოდით სასტუმროში.

ავოტბუსმა ოცი წუთი გვატარა და ბოლოს ისევ აეროპორტში მიგვიყვანა. ავტეხეთ ნერვიული სიცილი. რამდენიმე წუთით გააჩერა, შემდეგ კი გზა გააგრძელა. თხუთმეტი წუთის შემდეგ სასტუმროს შესასვლელთან აღმოვჩნდით. სასტუმროს ადმინისტრაციაში ჩამოგვართვეს პასპორტები და ჩასხდომის ბარათები და ნომრებში გაგვანაწილეს.

გავხსენი ჩემი ლეპტოპი და სასწრაფოდ მივწერე ჩემებს. სანამ გავგზავნიდი, წინადადებების თანმდიმდევრობას კიდევ გადავხედე და შევცვალე. მივწერე პირველი წინადადება: „კარგად ვარ“ და მეორე წინადადება: “სტამბულში ვარ“.

ჩემი ლეპტოპი მეუბნება, რომ დილის 10 საათია თბილისის დროით. საწოლზე ვზივარ და მთელი კედლის სიგრძის ფანჯრიდან ვიყურები სასტუმროს მეოთხე სართულიდან. ტრასა მანქანებით გადატვირთულია. ჰორიზონტზე ოთხი თურქული დროშა ფრიალებს, ზოგი შორს, ზოგი ახლოს. ამ დროშების ფონზე ხანდახან თვითმფრინავი და ვერტმფრენიც დაფრინავს. მებაღეები გზის პირას ხეებს რგავენ.

საღამოს რვა საათამდე არ გაიხსნება აეროპორტიო. ნეტავ, მართლა შევძლებ ამაღამ სახლში დაბრუნებას?!

მასალების გადაბეჭდვის წესი