ახალი ამბები

მედოევი შესაძლოა კრემლის ახალი ფავორიტი გახდეს

6 თებერვალი, 2012 • 1486
მედოევი შესაძლოა კრემლის ახალი ფავორიტი გახდეს

დიმიტრი მედოევი
დიმიტრი მედოევი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ უკვე მიიღო შეტყობინება საინიციატივო ჯგუფისგან, რომელიც ხვალ, 7 თებერვალს, პრეზიდენტობის კანდიდატად დიმიტრი მედოევს დაასახელებს.

დიმიტრი მედოევი დიდი ხანია მოსკოვში ცხოვრობს, 2008 წლიდან იგი თვითაღიარებული რესპუბლიკის ელჩია რუსეთის ფედერაციაში. ამ ქვეყნის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებამდე, იგი სამხრეთ ოსეთის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა რუსეთში, მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრიც იყო.

სამხრეთ ოსეთში მომუშავე ჟურნალისტი ზარინა სანაკოევა “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მედოევის დარეგისტრირებამ ცხინვალში შესაძლოა ახალი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, რადგან მას რესპუბლიკაში ზედიზედ ცხოვრების 10-წლიანი ცენზი არ გააჩნია. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პირი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, 10 წლის განმავლობაში რესპუბლიკაში უნდა იყოს ნაცხოვრები. ამ მოტივით გასული წლის ნოემბერში რეგისტრაციაზე უარი ოპოზიციის ლიდერს ჯამბოლათ თედეევს უთხრეს.

ცხინვალში საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მედოევი კრემლის ახალი ფავორიტია. არჩევნებში მისი  მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ნოემბერშიც ვრცელდებოდა, მაგრამ კრემლმა მაშინ არჩევანი ანატოლი ბიბილოვზე გააკეთა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ანატოლი ბიბილოვი 25 მარტის განმეორებით არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ოსური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბიბილოვმა სხვა კანდიდატებსაც, რომლებიც პირველ ტურში მონაწილეობდნენ, თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 10 კანდიდატია რეგსტრირებული, ზოგიერთი მათგანი წინა არჩევნებშიც მონაწილეობდა და ხმების 5 პროცენტამდე დააგროვა.

ალა ჯიოევა, რომელმაც წინა არჩევნებში კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, მაგრამ არჩევნების შედეგები დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, 25 მარტის განმეორებით არჩევნებს არ ცნობს და 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვას გეგმავს.

გუშინ, 5 თებერვალს, ჯიოევამ კიდევ ერთი ღია წერილი გაუგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადიმ ბროვცევს, რომელსაც  მოუწოდებს, ვითარების ესკალაცია შეაჩეროს და მას ძალაუფლება მშვიდობიანად გადასცეს. დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველმა პარტიამ „ედინსტვომ“, სახალხო პარტიამ და დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაში პასუხისმგებლობა ალა ჯიოევას დააკისრა.

ჟურნალისტი მარია პლიევა “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ცხინვალში სისხლისღვრის საფრთხე რეალურია. მისი აზრით,  ალა ჯიოევა კანონიერად არჩეული პრეზიდენტია და მას ძალაუფლება აუცილებლად უნდა გადაეცეს. პლიევას აზრით, თუ ბროვცევის ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით ინაუგურაციის ჩაშლას შეეცდება, ხალხის მხრიდან წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. პლიევას თქმით, სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში მიმდინარე კვირა გადამწყვეტი იქნება. მისთვის რთული სათქმელია, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკაშია, როგორ გადაიჭრება.

ანალიტიკოსების აზრით, ჯიოევა შესაძლოა ან ინაუგურაციამდე დაიჭირონ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, ან 10 თებერვალს მის მიერ მოწყობილი ღონისძიება ძალის გამოყენებით დაშალონ.

ოსური ოპოზიციური ინტერნეტგამოცემების ცნობით, ჯიოევას უახლოესი თანამებრძოლები– ძამბოლათ თედეევი და ანატოლი ბარანკევიჩი– რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. რუსული სააგენტოები იუწყებიან, რომ ვლადიკავკაზში ჯიოევას  შტაბის წევრის, ელინა მარზოევას სახლში სამართალდამცავებმა ჯერ ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერი და მობილური ტელეფონი ამოიღეს, მეორე დღეს კი მოწმის სტატუსით დაკითხეს სისხლის სამართლის საქმეზე– სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამხრეთ ოსეთში. ვლადიკავკაზელმა სამართალდამცავებმა ანალოგიური პროცედურები უფლებადამცველის, რუსლან მაყაევის ბინაშიც ჩაატარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი