ახალი ამბები

რა შენდება გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე

6 თებერვალი, 2012 • 1138
რა შენდება გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე
რა შენდება გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე მოსკოვის პროსპექტზე? -ამ კითხვაზე თბილისის მერიას პასუხი არ აქვს.

“ვცდილობთ გავარკვიოთ, რა შენდება და ვის მიერ. თუმცა, თუ ხდება ხეების მოჭრა რომელიმე კომპანიის მიერ, ორმაგი და სამმაგი ოდენობით მათი დარგვა სადმე სხვაგან მოუწევს თავად იმ კომპანიას, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს,”-განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიაში.

მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კომპანია, რომელიც ხეებს გაჩეხავს, იმ ადგილას დარგავს სხვა ხეებს, სადაც თბილისის მერია მიუთითებს.

მოსკოვის გამზირზე 4 თებერვალს, ღამის 10 საათზე, დაახლოებით 70 ფიჭვის ხე გაიჩეხა. ხეების გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია მოსკოვის პროსპექტის მოსახლებამ იმავე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “უსაფრთხო სივრცეს” მიაწოდა.

“გუშინ, ღამის 10-ზე, მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრები ადამიანები დაგვიკავშირდნენ, ხეებს ჭრიანო და მაშინვე წავედით,”-ამბობს ანა გაბრიაძე.

მისივე თქმით, ხეების გაჩეხვამდეც მოსახლეობა ინფორმირებული არ ყოფილა, რისი მშენებლობა არის დაგეგმილი გაჩეხილი ფიჭვების ადგილზე და ვის მიერ. ამიტომ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, ინფორმაცია როგორც დედაქალაქის მერიისგან, ასევე შსს-გან მოითხოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე პოლიციის შენობა შენდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი