ახალი ამბები

მედიამონიტორინგი: მთავრობას ყველაზე დადებითად GDS აშუქებს, ხოლო უარყოფითად- რ2

29 ივნისი, 2016 • 1659
მედიამონიტორინგი: მთავრობას ყველაზე დადებითად GDS აშუქებს, ხოლო უარყოფითად- რ2

დღეს, 29 ივნისს  თბილისი მარიოტში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მედიამონიტორინგის “ტელევიზიების განწყობა პოლიტიკური ძალებისადმი” ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევა 1 მარტიდან 31 მაისამდე პერიოდს და შვიდ ტელევიზიას მოიცავს.

კვლევისთვის შერჩეული იყო – პირველი არხი, რუსთავი 2, იმედი, GDS, მაესტრო, კავკასია და ტაბულა. ანგარიშის თანახმად, მკვლევრები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემას, რომელიც პრაიმტაიმში გადიოდა ეთერში.

კვლევის შედეგების მიხედვით, ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტად მთავრობას აშუქებდნენ. ამ სუბიექტს საკუთარი ეთერის ყველაზე დიდი დრო [47%] GDS-მა დაუთმო. მთავრობა სხვა არხებთან შედარებით დადებით ტონში ყველაზე მეტად [43%] ამ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში შუქდებოდა. ყველაზე ნაკლები უარყოფით გაშუქებაც [11%] ამ არხზე იყო.

მთავრობა  დადებით ტონში ყველაზე ნაკლებად [3%] რუსთავი 2-ის ეთერში წარმოჩინდა. მთავრობის მისამართით  ყველაზე მეტი [67%] უარყოფითი ტონი ამ არხზე დაფიქსირდა.

რაოდენობრივი მონაცემების მიხედვით, კოალიცია “ქართული ოცნება” და პარტია “ქართული ოცნება” უარყოფით ტონში ყველაზე მეტად ტაბულასა და რუსთავი 2-ზე გაშუქდა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა”- GDS-სა და იმედზე.

ამავე მონაცემებით, “პატრიოტთა ალიანსი” და ლეიბორისტული პარტია უარყოფით ტონში არც ერთ არხზე გაშუქებულა. მათ მცირე დრო დაეთმო და ძირითადად ნეიტრალურ ტონში გაშუქდა.

მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო [44წთ] რუსთავი 2-მა დაუთმო. ამ სუბიექტის დადებით ტონში გაშუქების ყველაზე დიდი მაჩვენებელი [56%] ამავე არხზე დაფიქსირდა. ხოლო უარყოფით ტონში ყველაზე მეტად [59%] -ტელეკომპანია მაესტროზე.

ამავე მონაცემებით,  ბიძინა ივანიშვილს რუსთავი 2-ის ეთერში დაეთმო  1 საათი და 15 წუთი და ყველაზე მეტად უარყოფით ტონში [88%] ამავე არხზე გაშუქდა. ივანიშვილი დადებით ტონში [99%] GDS-მა გააშუქა. ამ არხზე მას, ჯამში, 17 წუთი დაეთმო.

ამ მონაცემების მიხედვით, შერჩეული ტელევიზიები განსაკუთრებით მცირე დროს სოციალური თემატიკის გაშუქებას უთმობდნენ, ხოლო ყველაზე მეტ დროს -პოლიტიკის გაშუქებას. პოლიტიკურ თემატიკას ყველაზე ხშირად [46%] იმედი აშუქებდა, ხოლო ყველაზე ნაკლებად- [30% ]რუსთავი 2.

მონიტორინგის პერიოდში სოციალურ თემატიკას ყველაზე ხშირად [7%] რუსთავი 2 აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად- ტაბულა [3%]. ამასთან,  საარჩევნო თემატიკას ყველაზე ხშირად მაესტრო აშუქებდა, ყველაზე ნაკლებად კი- GDS.

კვლევის ავტორების აზრით, წინა წლების მონიტორინგთან შედარებით მედიის მუშაობის ხარისხი გაუმჯობესებულია, ასევე მკვეთრად შემცირებულია  ბალანსის და ფაქტების და კომენტარების გამიჯვნის პრობლემა.

თვისებრივი ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ შერჩეული მაუწყებლები სიძულვილის ენის ტირაჟირებას თითქმის არ ახდენენ. ასევე, სიფრთხილით ეკიდებოდნენ უდანაშაულობის პრეზუმფციის  დარღვევის ტირაჟირებას.

კვლევის თანახმად, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა კონკრეტული ტელევიზიების ტოქშოუებში არ იყო წარმოჩენილი მხარე, რომლის კრიტიკაც გადაცემაში ხდებოდა:

“ზოგჯერ წამყვანი მაყურებელს იმ მიზეზს უხსნიდა, თუ რატომ არ მონაწილეობდა ესა თუ ის სუბიექტი გადაცემაში, თუმცა ხშირად ამის განმარტება არ ხდებოდა. ვფიქრობთ, მიუხედავად იმისა, ბოიკოტის რეჟიმშია თუ არა სუბიექტი ტელეარხთან მიმართებაში, წამყვანებმა ყველა გადაცემაში უნდა აცნობონ მაყურებელს, რატომ არ მონაწილეობს გადაცემაში სუბიექტი,”-აღნიშნულია კვლევაში.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მგელაძე ამბობს, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესებული ტენდეციის მიუხედავად, ზოგჯერ სამონიტორინგო არხების ეთერში ისეთი პროდუქცია გავიდა, რომელსაც ეთიკის თვალსაზრისით პრობლემები ჰქონდა:

“გაუმჯობესების ტენდეცია არის, თუმცა, როგორც სხვა სფეროში, პრობლემები მედიაშიც რჩება, – ამბობს მგელაძე.

მედიამონიტორინგი განხორციელდა National Endowment for Democracy (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი