ახალი ამბებიეკონომიკა

კახა დაუშვილი: ლარის კურსის სწრაფი ცვლილება ძალიან პრობლემურია ეკონომიკისათვის

28 ივნისი, 2016 • 2471
კახა დაუშვილი: ლარის კურსის სწრაფი ცვლილება ძალიან პრობლემურია ეკონომიკისათვის

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (AYEG) აღმასრულებელი დირექტორი, კახა დაუშვილი “ნეტგაზეთთან” დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს. 

კახა დაუშვილის თქმით, ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემები უახლოეს წარსულში შეცვლილი არ არის: “რა მონაცემების პირობებშიც ხდებოდა ლარის გამყარება, დღესაც დაახლოებით იგივე მონაცემები გვაქვს. დღევანდელი მონაცემებით, არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული ფაქტორი, მაკროპარამეტრის ცვლილება, რასაც შეიძლება, გამოეწვია ლარის უფრო მეტად გაუფასურება. შესაბამისად, ჩემი აზრით, ეს უფრო მეტად ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და მოლოდინების ეფექტს წარმოადგენს. რეალურად რა შედეგი იყო, ამას ალბათ უახლოეს ერთ კვირაში, როდესაც სტატისტიკური მონაცემები განახლდება, მაშინ გავიგებთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” დაუშვილმა.

“თავის დროზე ლარის გამყარებამ ბევრი პოზიტიური მოლოდინი გააჩინა და ფიქრობდნენ, რომ ერთი აშშ დოლარის ღირებულება 1.90 ლარზე უნდა ჩამოსულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ლარი კორიდორში გაუფასურების მიმართულებით გათამაშდა, ამან გამოიწვია გარკვეული ჯგუფებისა და ადამიანების კიდევ უფრო მეტად დაფრთხობა. მიზეზი შეიძლება იყოს დადებითი მოლოდინის შემდეგ უარყოფითი მოლოდინის გაჩენაც, რაც უფრო დიდ ეფექტს იწვევს, ვიდრე რეალურად შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული”, – ამბობს დაუშვილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 28 ივნისისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3436 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო – 2.5850 ლარი. უკანასკნელი 18 დღის განმავლობაში ლარი დოლარის მიმართ 22 თეთრით გაუფასურდა. 29 ივნისს კი ერთი დოლარი 2.73 თეთრით მეტი, – 2 ლარი და 37 თეთრი, – ეღირება. კახა დაუშვილის აზრით, რთულია საუბარი, თუ ზუსტად რა არის დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების მიზეზი, რადგან, მისი თქმით, “წმინდა მაკროეკონომიკური მონაცემები შეცვლილი არ არის”.

არსებობის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მაქსიმალური ზღვარი 2016 წლის 28 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც 1 აშშ დოლარი 2.4985 ლარს უდრიდა. კახა დაუშვილი გვიხსნის, რომ იანვარში ვალუტა სხვა მდგომარეობაში იყო: “მაშინ საგადახადო ბალანსი სულ სხვა მდგომარეობაში იყო. ახლა შეიძლება ყველაფერს ველოდოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კუთხით. დღეს იმის თქმა, რომ კურსი ისე წავა ან ასე წავა, შეუძლებელია”, – თქვა კახა დაუშვილმა. 

“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ ჩვენ არ ვიცით, 2.74 რაც იყო, 2.1-მდე რაც იყო, იყო თუ არა წონასწორობის კორიდორი ლარისთვის. უბრალოდ, რატომღაც, ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მთავრობამაც, ჩათვალა, რომ ეს არის ახალი წონასწორობა. რეალურად, ეს ასე იყო თუ არა, არ ვიცით”, – ამბობს დაუშვილი.

ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ლარის კურსის ცვლილება ბუნებრივი პროცესია: “ესაა პროცესი, როდესაც ლარი ეძებს საკუთარი წონასწორობის კორიდორს. მისი თქმით, ეროვნული ვალუტა რეალურ წონასწორობაში უნდა იყოს და არც მოლოდინების ეფექტით უნდა იყოს გამყარებული, არც უარყოფითი მოლოდინების გამო – გაუფასურებული. შესაბამისად, რას შეიძლება ველოდოთ ხვალ, – ამის თქმა შეუძლებელია. არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელსაც, უბრალოდ, ვერ ვიწინასწარმეტყველებთ”.

ის ფიქრობს, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადის ინტენსიური ზრდიდან გამომდინარე, “უფრო მოსალოდნელია, რომ ლარი დასტაბილურდება და დაუბრუნდება წონასწორობის კორიდორს”. თუმცა დაუშვილი იქვე დასძენს, რომ ეს “მხოლოდ მისი მოსაზრებაა და არ ეფუძნება რაიმე ემპირიულ მონაცემს”.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კურსის სწრაფი ცვლილება არის “ძალიან პრობლემური “ეკონომიკისთვის და “დიდ ზარალს იწვევს ბევრი ბიზნესისთვის”, მთავრობისა და ეროვნული ბანკის მოვალეობაა, მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სწრაფი ვარიაცია როგორმე დასტაბილურდეს: “ხელისუფლების და ეროვნული ბანკის საქმე არ არის ეროვნული კურსის შენარჩუნება. მათი საქმეა, უზრუნველყონ, რომ ცვლილებები და ვარიაციები მოკლევადიან პერიოდში არ იყოს დამაზიანებელი. მათ როგორმე უნდა მოახერხონ, რომ ეკონომიკაში არასწორი ინტერვენცია არ მოახდინონ და უარყოფითი ან არასწორი დადებითი მოლოდინები არ შექმნან”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას კახა დაუშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი