ახალი ამბები

120 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი 4 წელში – რას ჰპირდება ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს

28 ივნისი, 2016 • 1400
120 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი 4 წელში – რას ჰპირდება ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს, 28 ივნისს სასტუმრო ჰუალინგში თავისი სამოქმედო გეგმის (ახალი ენერგიით უკეთესი საქართველოსთვის) ნაწილის პრეზენტაცია გამართა. გეგმა 4 წელზეა გათვლილი და დღეს მისი ეკნომიკური ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა. გეგმის მიხედვით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ენმ აპირებს “შეამციროს ბიზნესის საგადასახადო და ადმინისტრაციული ტვირთი”. ასევე, ბიუროკრატიის შემცირების გზით ერთი მილიარდი ლარი დაზოგოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ფული დაუტოვოს ბიზნესს, რამაც პარტიის ხედვით ბიძგი უნდა მისცეს ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის ამ დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30 000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება”, – ნათქვამია გეგმაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს პარტია ამის გაკეთებას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ენმ ამორჩეველს შემდეგი სახის ქმედებებს სთავაზობს:

  • 2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 10%-მდე დაიწევს, რაც ნიშნავს, რომ საწარმოს მეტი ფული დარჩება ინვესტირებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხოლო უკვე დასაქმებულებისათვის- ხელფასის გასაზრდელად.
  • მოგების გადასახადი 10%-მდე შემცირდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.  ეს ბიზნესისათვის დამატებითი სტიმულია, რომ განვითარდეს, გაიზარდოს და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები.
  • 2017 წელს  25%-ით შემცირდება სააქციზო განაკვეთი ნავთობპროდუქტებზე, ხოლო ალკოჰოლურ პროდუქციაზე  სააქციზო განაკვეთი დაიწევს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე , რაც ნიშნავს საწარმოებისათვის დამატებით საბრუნავ საშუალებებს, ხოლო ხალხისთვის უფრო იაფ პროდუქტებს;
  • 2017 წლიდან გაუქმდება საპროცენტო შემოსავალზე გადასახადი, რაც დამატებით შეღავათს ნიშნავს მოსახლეობის იმ ფენისთვის, ვისაც აქვს გარკვეული დანაზოგი და მასზე მიღებული სარგებლით ავსებს ოჯახის ბიუჯეტს;
  • 2017 წლიდან გაუქმდება უძრავი ქონების გასხვისებისას ფიზიკური პირების გადასახადისგან გათავისუფლებისთვის ამ ქონების ფლობის მინიმალური ორწლიანი პერიოდი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის- ექვსთვიანი პერიოდი. რის შედეგადაც ათეულ ათასობით ფიზიკურ პირს შეუმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი ბინების, მიწის ნაკვეთების, ავტომობილებისა და სხვა აქტივების გასხვისებისას. ამ საქმიანობაში ჩართულ მოქალაქეებს აღარ შეეხება ზედმეტი ბარიერები და გადასახადები;
  • 2017 წლის 1 იანვრიდან აიწევს ფიზიკური პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე, რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით. 90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა);
  • 200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%- ით (ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა);
  • 2017 წლის 1 იანვრიდან აიწევს ფიზიკური პირებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი 1000 000 ლარიდან 200 000 ლარამდე, რაც შედეგად, დამატებით ათასობით მცირე ბიზნესით დაკავებული  ფიზიკური პირისათვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთის შემცირებას გამოიწვევს. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება.
  • ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. ეს გაათავისუფლებს დღგ-თი დაბეგვრისაგან ათიათასობით იურიდიულ და ფიზიკურ პირს (მცირე ბიზნესსა და ინდმეწარმეებს), მათ შორის ეს შეღავათი გავრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც ეწევიან კომერციული და საბინაო ფართების გაქირავებას.
  • საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი. ეს საშუალებას მისცემს ასი ათასობით მოქალაქეს დაუბეგრავად შეიძინონ მათთვის სასურველი საქონელი  საზღვაგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით.

ენმ-ის განცხადებით, ეს ჩამონათვალი გეგმის მხოლოდ ნაწილია და მისი განხორციელების შედეგად “მოსახლეობას და მეწარმეებს მეტი ფული დარჩებათ, ჩინოვნიკებს და ბიუროკრატიას – ნაკლები”.

  • 2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით.
  • ხარჯების ამ შემცირებას შეუქცევადი ხასიათი რომ მიეცეს, 2018 წლიდან საბიუჯეტო  ხარჯების ზრდა შეიზღუდება რეალური ეკონომიკური ზრდის წლიური მაჩვენებლით.
  • “თავსიუფლების აქტში” შევა ცვლილება, რომელიც 2019 წლიდან სახელმწიფო ხარჯების ზომას შეზღუდავს მშპ-სთან 25%-ით, ხოლო 2022 წლიდან ეს მაჩვენებელი  მშპ-ს 20%-ით შეიზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს სისტემურ მიდგომას და არ ატარებს პიარულ კამპანიურ ხასიათს და არ არის უკვე რამდენჯერმე ამაოდ ნაცადი (ან უბრალოდ დეკლარირებული) ე.წ. ქამრების შემოჭერა.

ენმ აცხადებს, რომ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელია მეწამრეებისათვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე, რაც თავის მხრივ რეგულაციების მნიშვნელოვან და შეუქცევად შემცირებას გულისხმობს.

  • დაინერგება “ფილტრის პრინციპი”, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ახალი რეგულაცია სავალდებულოდ გაივლის წინასწარ შეფასებას ბიზნესისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისაგან გამჭვრივალობისა და ურთიერთდაბალანსების პრინციპით დაკომპლექტებული ორგანოს მიერ.
  • დაინერგება “დასაბუთების ვალდებულების პირნციპი”, რომლის მიხედვითაც რეგულაცია, რომლის დასაბუთებასაც გონივრულ ვადაში ვერ შეძლებს შესაბამისი უწყება, დაექვემდებარება გაუქმებას.
  • ამოქმედდება რეგულაციების “დაისის პირნციპი”, რაც გულისხმობს წესს, რომ 5 წლის შემდეგ ავტომატურად გაუქმდეს ნებისმიერი რეგულაცია, თუ ხელახალი განხილვის შემდეგ არ მოხდება მოქმედების დასაბუთება და ვადის გაგრძელება
  • ამაღლდება საგადასახადო დავების საბჭოს სმართლებრივ სტატუსი და მოხდება მისი მუშაობის უფრო მკაფიო რეგლმანეტაცია, რის შემდეგაც, თუკი საჩივრის განხილვა არ მოხდა გონივრულ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება ავტომატურად მიიღება ბიზნესის სასარგებლოდ. საგადასახადო დავების საბჭოს ყველა გადაწყვეტილება გახდება საჯარო კომერციული საიდუმლოების უფლების სათანადო დაცვით.
  • აღდგება ალტერნატიული საგადასახადო აუდიტი და ფიზიკური პირებისთვის გადახდით დეკლარირების შესაძლებლობა.
  • გადაიხედება და სადაც შესაძლებელია გაუქმდება ყველა რეგულაცია, რომელსაც საქართველოს პირდაპირ არ ავალდებულებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და/ან სხვა საერთაშორიოს ვადლებულებები
  • გაუქმედება ქართულ ბაზარზე დასაშვებად ნებისმიერი შეზღუდვა იმ პროდუქტებისა და სერვისებისთვის (მაგალითად, მშენებლობა, ფინანსური მომსახურება, ფარმაცია, სურსათი,) რომლებიც აღიარებული, ლიცენზირებული და სერტიფიცირებულია ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნებში.

“ბიზნესმა რომ თავი დაცულად იგრძნოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აპირებს შემდეგს”

  • 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება სრული საგადასახადო ამნისტია.
  • ამნისტიის შემდგომ საგადასახადო მიზნებისთვის  ხანდაზმულობის ვადა  3 წლამდე შემცირდება.
  • კანონმდებლობის დაცვით გადასახადების შემცირება არ ჩაითვლება გადასახადის გადახდისაგან თავის არიდებად;
  • შეიცვლება საგადასახადო ინკასო და ნებისმიერი სახის ყადაღის დადების წესი მესაკუთრის სასარგებლოდ, ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და, რაც მთავარია, დავალიანების პროპორციულად მოხდება. საგადასახადო შემოწმების საფუძვლებისა და ვადების ეფექტური სასამართლო კონტროლი განხორციელდება დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
  • ბიზნესს მიეცემა საშუალება, რომ სახელმწიფოსთან ნებისმიერი დავა სურვილისამებრ გადაიტანოს ერთ-ერთ აღიარებულ საერთაშორისო არბიტრაჟში
  • დაინერგება პრინციპი, რომლის მიხედვითაც საგადასახადო დავის ბიზნესის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში სახელმწიფო ზარალს მყისიერად  და სრულად აანაზღაურებს. დაგვიანებისთვის კი სახელმწიფოს ისეთივე საურავი დაეკსირება, როგორიც გადასახადის გადამხდელს  სახელწმიფოსთვის დადაგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის.
  • 500 000 ლარამდე გაიზრდება (ნაცვლად დღეს არსებული 50 ათასი ლარისა) ზღვარი, როდესაც გადასახადებისგან თავის არიდებისას დავა არა სისხლის სამართლებრივად, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება;
  • გაუქმდება ფინანსური პოლიცია;
  • 2017 წლიდანვე ეკონომიკური სახის დანაშაულზე შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება.

ენმ აცხადებს, რომ ამ ინიციატივების შედეგად მიღწეული ეკონომიკური ზრდა პენსიის ზრდისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების წინაპირობაა.

  • 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით, 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს. შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხტაული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც;
  • 2017 წლიდან განახლდება სახელმწიფო პენსიების მუდმივი ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ;
  • ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ, ღარიბმაც და მდიდარმაც, ერთნაირად ისარგებლოს საბიჯეტო თანხებით  (მოქალაქეზე წელიწადში 178 ლარის ოდენობით), როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმართელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს:
  • გაჭირვებულებისთვის- პრემიუმპაკეტი (პოლისის ღირებულება 225ლარი წელიწადში)
  • ნაკლებად გაჭირვებულებისათვის- სტანდარტული პლუსპაკეტი (პოლისის ღირებულება 205 ლარი წელიწადში)
  • საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქისათვის- სტანდარტული პაკეტი  (პოლისის ღირებულება 190 ლარი წელიწადში)
  • არსებული ვითარებისაგან განსხვავებით ყველა ჩამოთვლილი პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებასაც.
  • ყველა მოქალაქე, მათ შორის მაღალი შემოსავლის მქონე, დაზღვეული იქნება მისთვის კატასტროფული ფინანსურად დაუძლეველი სამედიცინო ხარჯებისაგან (70 000 წელიწადში)
  • შშმ პირთა საჭიროებათა განსაზღვრისას სახელმწიფო სამედიცინოდან სოციალურ მოდელზე  გადავა, რათა უზრუნველყოფილ იქნას განათლების მიღებისა და დასაქმების თანაბარი  შესაძლებლობა ყველა მოქალაქისათვის მათი საჭირობებისა და განსხავავებულობის მიუხედავად.  საჯარო სექტორში შშმ პირების დასაქმების მაჩვენებლი გაიზრდება.
  • საარსებო შემწეობა აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ის უსამართლოდ გაუუქმდა; საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმები მკაფიო, მარტივი და სამართლიანი გახდება.

რაც შეეხება განათლებას

  • 2017 წელსვე გაიზრდება სასკოლო ვაუჩერის ღირებულება სულ მცირე 50 %-ით; სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რის შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 650 ლარმდე;
  • 5 000 – ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული მხოლოდ ნაწილი და ერთგვარი ჩონჩხია ენმ-ის ეკონომიკური საარჩევნო პროგრამისა, რომლის დეტალური და უფრო კონკრეტული ვარიანტი ივლისში გამოქვეყნდება.

რომან გოცირიძეს, ენმ-ის ეკონომიკური გუნდის ლიდერს, ვკითხეთ, რის ხარჯზე აპირებენ ისინი დეკლარირებული 1 მილიარდის (რომელიც კერძო სექტორში უნდა დარჩეს) გამოთავისუფლებას და კონკრეტულად რას გააუქმებენ ამისათვის: სამსახურებს, უწყებებს და ა.შ.

“პირველ რიგში, [გაუქმდება] არასწორი პროექტები, რომელზეც სხვადასხვა მიმართულებით არასწორადაა დახარჯული [ფული] და შედეგს არ იძლევა. იგივე მთავრობის პროგრამები, ბიზნესპროგრამები, აწარმოე საქართველოში თუ დანერგე საქართველოში. უამრავი უწყებები შეიქმნა, უამრავი სამსახურები შეიქმნა ადგილობრივი დონეზე, სადაც ადამიანები დასაქმებული არიან პარტიული თუ ნათესაური ნიშნით, პრემიები, ხელფასების ზრდა, ფუფუნება ბიუჯეტში… უყვართ ხოლმე “ქამრების შემოჭერაზე” ლაპარაკი: რბილ ავეჯს არ ვიყიდი, მანქანაში ბენზინს არ ჩავასხმო, ეს ტოიოტები, შავი ჯიპები, მარტო მანქანების შემცირებით დავთვალე და 60-70 მილიონის შემცირება შეიძლება… განყოფილების გამგესაც მანქანა ემსახურება. მე ჰოლანდიაში ვიყავი და ცენტრალური ბანკის ვიცეპრეზიდენტს არ ჰყავდა მანქანა, ველოსიპედით მოვიდა ბანკეტზე. ანუ საშინლად გაზრდილია ბიუროკრატია. ეს ფული დარჩება ბიზნესს და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს”, – ამბობს გოცირიძე.

 

კითხვას, ამ გეგმის მიხედვით თუ აქვთ დათვლილი, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ რადმენ ადამიან მოუწევს სახლში წასვლა, იგი პასუხობს:

“დასათვლელია, დავიანგარიშებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სახლში მოუწევს წასვლა. შეიქმნება სამუშაო ადგილები. 45 ათასი სამუშო ადგილი შეიქმნება 2017 წელს და შემდეგ, ყოველწლიურად 30 ათასი სამუშაო ადგილი. ასე რომ, სახლში არავის მოუწვეს წასვლა. იპოვის მაღალანაზრაურებად სამსახურს ბიზნესში და არა უსაქმურობას სახელმწიფო დწესებულებაში…

… ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტი არ გაიზრდება. ბიუჯეტი გაიზრდება ეკონომიკური ზრდის კვალობაზე. ეს [ბიუჯეტი] ძირითადად მოხმარდება სოციალურ სფეროს და იმ სფეროს, რომელიც ბიზნესს შეუწყობს ხელს: ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციების განვითარებას. მთავრობამ უნდა შექმნას ეკონომიკური განვითარების ბაზისი. მთავრობამ არ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბიზნესს შეუძლია. მთავრობამ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ბიზნესს არ შეუძლია”, – აცხადებს გოცირიძე.

ენმ-ის ცნობით, “სამოქმედო გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა ბიზნესსაზოგადოებასთან, ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის, კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით”. დღევანდელ პრეზენტაციაზე პროგრამის მომზადებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს თავისუფალი უნივერსიტეტის თანამშრომლებს: გიგა ბედინეიშვილს, ვატო ლეჟავას, ზვიად ხორგუაშვილს, ასევე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად ლიბერთი ბანკის წარმომადგენელ ლადო გურგენიძეს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი