ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ევროპის პრესტიჟის საქმეა

28 ივნისი, 2016 • 1312
დავით უსუფაშვილი: საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ევროპის პრესტიჟის საქმეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც  ევროპის ლიბერალი პოლიტიკური ლიდერების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეეცდება კოლეგები დაარწმუნოს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების ლიბერალიზაცია ევროპის პრესტიჟის საქმეა:

“შევეცდები დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომ ამ ვითარებაში საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია კიდევ უფრო საშური საქმე გახდა.  უკვე ევროპის პრესტიჟის საქმეა –  ევროსკეპტიკოსებს ნათლად დაანახოს, რომ ცაკლეული ქეყნების ცალკეული გადაწყვეტილებები ვერ შეცვლის ევროპის განვითარების ძირითად კურსს. ამ ძირითად კურსში ეწერება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. უახლოეს დღეებში, უახლოეს პერიოდში სხვა საკითხებმა გადაფარა საქართველო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება,”- აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეხვედრაზე ევროკავშირის 25 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, მთავრობების ხელმძღვანელები, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიების ლიდერები და ევროკომისიის წევრები ევროპული პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილი შეხვედრის მონაწილეებს საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას გააცნობს და ევროკავშირის წინაშე არსებული ახალი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრებს.

ევროპარლამენტში გუშინ, 27 ივნისს  დაგეგმილი ყველა საკომიტეტო მოსმენა გადაიდო. ამის მიზეზი ბრექსიტია. როგორც ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, 28 ივნისს გაიმართება საგანგებო პლენარული სხდომა დიდი ბირტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე და იმისათვის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ამ სხდომისთვის მომზადებისათვის დრო მიეცეთ, საკომიტეტო მოსმენები გადადებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი