ახალი ამბები

ბრექსიტის ლიდერი ევროპარლამენტარებს: თქვენ უარგყვეს, როგორც პოლიტიკური პროექტი

28 ივნისი, 2016 • 1502
ბრექსიტის ლიდერი ევროპარლამენტარებს: თქვენ უარგყვეს, როგორც პოლიტიკური პროექტი

“სასაცილოა, არა?! როდესაც 17 წლის წინ აქ მოვედი და ვთქვი, რომ მინდოდა კამპანია დამეწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსაყვანად, ყველამ დამცინეთ. ახლა კი აღარ იცინით, არა?! მიზეზი, რატომაც ასე ნაწყენები და გაბრაზებულები ხართ, აშკარაა – თქვენ უარგყვეს, როგორც პოლიტიკური პროექტი”, – განაცხადა ევროპარლამენტში ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჟმა.

სიტყვით გამოსვლამდე კი ნაიჯელ ფარაჟმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს დაუკრა ტაში, როდესაც ამ უკანასკნელმა თქვა, რომ ბრიტანელი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ჟან-კლოდ იუნკერმა ფარაჟს მიმართა: “აქ თქვენ ბოლოჯერ უკრავთ ტაშს. მე გაოცებული ვარ, რომ თქვენ აქ ხართ. თქვენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისათვის იბრძოდით, ბრიტანელმა ხალხმაც გასვლას დაუჭირა მხარი. რატომ ხართ აქ”?

ნაიჯელ ფარაჟი, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის (იუკიპის) ლიდერი (მარცხნივ) და ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი (მარჯვნივ) ევროპარლამენტის პლენარული სესიის მიმდინარეობის დაწყებისას. ბელგია, 28 ივნისი, 2016. სესიის ფოკუსია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) შედეგები. ფოტო: EPA/ოლივერ ჰოსლეტი

გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის (იუკიპის) ლიდერი, ნაიჯელ ფარაჟი (მარცხნივ) და ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი (მარჯვნივ) ევროპარლამენტის პლენარული სესიის მიმდინარეობის დაწყებისას. ბელგია, 28 ივნისი, 2016. სესიის ფოკუსია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის (ბრექსიტის) შედეგები. ფოტო: EPA/ოლივერ ჰოსლეტი

სიტყვით გამოსვლამდე, მისალმებისას, ნაიჯელ ფარაჟმა ორ-ორჯერ გაიმეორა შემდეგი სიტყვები: “დილა მშვიდობისა. სასაცილოა, არა?!” ამ სიტყვებმა დარბაზში ხმაური გამოიწვია, რის შემდეგაც ნაიჯელ ფარაჟს გამოსვლა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა შეაწყვეტინა და ევროპარლამენტარებს სიმშვიდისაკენ მოუწოდა:

“ქალბატონები და ბატონებო, ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი დემოკრატიისა არის მოსმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ აზრს არ ვიზიარებთ”, – თქვა პრეზიდენტმა. ფარაჟმა შულცს მადლობა გადაუხადა და გამოსვლა განაგრძო:

“სასაცილოა, არა? როდესაც 17 წლის წინ აქ მოვედი და ვთქვი, რომ მინდოდა კამპანია დამეწყო ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსაყვანად, ყველამ დამცინეთ. ახლა კი აღარ იცინით, არა? ხოლო მიზეზი, რატომაც ასე ნაწყენები და გაბრაზებულები ხართ, აშკარაა – თქვენ უარგყვეს, როგორც პოლიტიკური პროექტი, თქვენი ვალუტის კურსი ეცემა”…

BBC-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში 51.8%-მა ეროკავშირიდან გასვლას მისცა ხმა, დარჩენა კი 48,2%-ს სურს. რეფერენდუმზე 71,8%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ასეთი მაღალი აქტივობა ბრიტანეთში 1992 წლის არჩევნების შემდეგ არ ყოფილა.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დაუყოვნებლივ არ დატოვებს და ამ ეტაპზე კვლავ წევრი სახელმწიფო იქნება, თუმცა დაიწყება გასვლის პროცესი. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი 25 ივნისს განაცხადა, რომ სურს, ბრიტანეთმა რაც შეიძლება მალე დატოვოს გაერთიანება.

“რაც მოხდა, ეს იყო შესანიშნავი შედეგი არა მხოლოდ ბრიტანული ან ევროპული, არამედ გლობალური პოლიტიკისთვისაც. ეს ბრიტანელმა, ჩვეულებრივმა, პატარა, ჩაგრულმა ხალხმა გააკეთა, რომელთა საცხოვრებელი პირობები უარესდებოდა. მათ უარყვეს დიდი პოლიტიკა და თქვეს, – ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ საკუთარი ქვეყანა და საზღვრები, გვსურს, ვიყოთ დამოუკიდებელი, ნორმალური ქვეყანა. ეს არის ის, რაც გავაკეთეთ და რაც უნდა მოხდეს. დიდი ბრიტანეთი არ იქნება უკანასკნელი, რომელიც ევროკავშირს დატოვებს. დავეთანხმები ბატონ შულცს – ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავტოვოთ ევროპის კავშირი”, – განაცხადა 28 ივნისს ნაიჯელ ფარაჟმა, კამპანია “ბრექსიტის” ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა.

დღევანდელ სესიაზე ნაიჯელ ფარაჟმა ევორპარლამენტარებსაც მიმართა: “ვიცი, რომ არც ერთ თქვენგანს ცხოვრებაში სათანადო სამსახური არ ჰქონია, არ უმუშავია ბიზნესში ან სავაჭრო საქმეში და არ შეუქმნია სამუშაო ადგილი”. ამ სიტყვების შემდეგ ნაიჯელ ფარაჟს სიტყვა ხელმეორედ შეაწყვეტინეს. საუბარში კვლავ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, მარტი შულცი ჩაერთო და ისევ მოუწოდა ევროპარლამენტარებს, მოესმინათ ფარაჟისათვის. ფარაჟს კი უთხრა, როდესაც ამტკიცებთ, რომ აქ არც ერთ ადამიანს ღირსეული სამსახური არასოდეს ჰქონია, ამის თქმის უფლება არ გაქვთო. 


“გაერთიანებული სამეფო იქნება თქვენი მეგობარი: ჩვენ ვივაჭრებთ თქვენთან, ვითანამშრომლებით თქვენთან, ვიქნებით თქვენი საუკეთესო მეგობარი მსოფლიოში. მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ საღი აზროვნებით. ნება მოგვეცით, დაგტოვოთ და გავყვეთ ჩვენი მომავლის გლობალურ ამბიციას”, – ასე დაასრულა გამოსვლა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი