ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან

28 ივნისი, 2016 • 1773
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზი ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან

დღეს, 28 ივნისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან პარლამენტის საქმიანობის შესაბამისობის ანალიზის შედეგების პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის – “საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის” ფარგლებში ჩატარდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციასთან შესაბამისობის მიზნით საქართველოს პარლამენტმა უნდა გააუმჯობესოს საქმიანობა ღიაობის კულტურის დამკვიდრების, საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობის, საპარლამენტო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაადვილების და საპარლამენტო ინფორმაციაზე ელექტრონული ფორმით ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

“გამჭვირვალობის” შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, პარლამენტმა უნდა:

  • შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი და შექმნას მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმები;
  • გააუმჯობესოს კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსობრივი მხარე;
  • გამოაქვეყნოს სადეპუტატო შეკითხვები;
  • წარადგინოს და პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საკანონმდებლო ინიციატივები და წინადადებები ელექტრონული ფორმით;
  • გააიოლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საპარლამენტო ინფორმაციაზე წვდომა;
  • დაასაბუთოს საკომიტეტო მოსმენების დროს დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა და  დაჩქარებული წესით კანონპროექტის განხილვა;
  • დროულად განათავსოს პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვებ-გვერდზე;
  • გაამარტივოს პარლამენტის შენობაში შესვლის სისტემა და შესვლის წესების ხელმისაწვდომობა;
  • ღია და ადვილად დამუშავებულ ფორმატში განათავსოს საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

“ზოგადად, გამჭვირვალობის მიმართულებით გარკვეული გაუმჯობესება არის. მაგალითად, პარლამენტმა დაამტკიცა 2015-2016 წლების ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა. ჩვენი რეკომენდაციების ნაწილი გეგმაში არის წარმოდგენილი, თუმცა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი სამოქმედო გეგმა არაფერს მოგვცემს, თუკი მისი არც ერთი პუნქტი არ შესრულდა,” – ამბობს ლიკა საჯაია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ” საპარლამენტო მდივანი.

24 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია დახურა, შესაბამისად, ამ რეკომენდაციების შესრულება მომდევნო მოწვევის პარლამენტს მოუწევს.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,  ეკა ბესელიას თქმით, რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა საინტერესო იქნება:

“ძალიან საყურადღებოა ეს რეკომენდაციები. კარგი ანალიზია, თუ როგორ აფასებენ ჩვენს მუშაობას, როგორ უყურებს ამომრჩეველი საპარლამენტო საქმიანობას გარედან. საკუთარ თავს შეიძლება ხშირად ობიექტურად ვერ აფასებდე და ამიტომ ძალიან გეხმარება ხოლმე ობიექტური ანალიზი. ძალიან მშვიდად და საქმიანად ვუყურებ მათ რეკომენდაციებს და საინტერესო იქნება ამ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა.”

რეკომენდაციები დადებითია და უნდა შესრულდეს, ეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან თარხნიშვილის სიტყვებია. მისი თქმით, მოქმედისგან განსხვავებით, მომდევნო მოწვევის პარლამენტს ექნება რეკომენდაციების შესრულების ნება:

“ამ მოწვევის პარლამენტში რეკომენდაციების შესრულების ნება არ ჩანს, ისევე, როგორც არ ჩანს “ქართული ოცნების” ნება, რომ საპარლამენტო პროცესი იყოს გამჭვირვალე და მოქალაქეებისთვის  ხელმისაწვდომი. ამ პარლამენტს დიდი ვადა არ დარჩა და დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო პარლამენტი ბევრად უკეთესი და უფრო მონდომებული იქნება ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით,” – აღნიშნავს თარხნიშვილი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის არარსებობას ასახელებს. აღსანიშნავია, რომ 21 ივნისს პარლამენტის ბიურომ ეთიკის კოდექსის სამუშაო ვარიანტი დაარეგისტრირა, თუმცა კოდექსი სანქციებს არ ითვალისწინებს. ასევე უცნობია, როდის მიიღებს პარლამენტი ეთიკის კოდექსს.

“ეთიკის კოდექსი გვაჩვენებს, როგორ უნდა მეტყველებდნენ და იქცეოდნენ პარლამენტის წევრები. საპარლამენტო საქმიანობისას ეს სტანდარტი ხშირად ირღვევა,” – ამბობს “რესპუბლიკელი” თამარ კორძაია და აღნიშნავს, რომ  კოდექსსს მხოლოდ საპარლამენტო ღიაობის კონტექსტში არ განიხილავს. მისი აზრით,  ეთიკის კოდექსი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაგრძელებაა.

პარლამენტში ხშირი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების წინააღმდეგ სანქციების არსებობის გარდა, ლიკა საჯაია ეთიკის კოდექსის მთავარ კომპონენტად ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ჩანაწერის არსებობის აუცილებლობას მიიჩნევს. მისი აზრით, პარლამენტარები არა მარტო კანონის წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები:

“ეთიკურ სტანდარტებსაც უნდა იცავდნენ. დეპუტატი არ უნდა იყოს კომპანიის დირექტორი და თუ კომპანიაში წილი აქვთ, მინდობილობით სხვას უნდა გადასცენ სამართავად. რეკომენდაციების შესრულების შედეგად ჩვენ მივიღებთ ანგარიშვალდებულ  და გამჭვირვალე პარლამენტს,” – აღნიშნავს საჯაია.

ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაცია წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების – საპარლამენტო მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოწოდებას ეროვნული პარლამენტებისადმი, რათა უფრო აქტიურად შეუწყონ ხელი საკანონმდებლო ორგანოების ღიაობას და მათ მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობას.

წარმოდგენილი კვლევის მიზანია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შეფასება ღიაობისა და გამჭვირვალობის კუთხით, ღია პარლამენტის შესახებ დეკლარაციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობის გათვალისწინებით და რეკომენდაციების შემუშავება არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. რეკომენდაციები შეეხება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე, პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკის გაუმჯობესებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი