ახალი ამბები

ცვლილებები საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში

27 ივნისი, 2016 • 1919
ცვლილებები საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2016 წლის პროგრამაში წინა წელთან შედარებით რამდენიმე ცვლილება შევიდა.
“შარშანდელი პროგრამის განხორციელების შემდეგ გარკვეული ნაწილები, რაც დასახვეწი იყო, აღმოვაჩინეთ, გავითვალისწინეთ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება და შევცვალეთ. მაგალითად, ადრე ყველა რეგიონში სხვადასხვა ორგანიზაცია აწვდიდა სხვადასხვა სერვისს ბენეფიციარებს. წელს უკვე საგრანტო კონკურსი გამოვაცხადეთ – რეგიონის მასშტაბით ყველა სერვისი გაერთიანებულია. მაგალითად, აჭარა-გურიის რეგიონში ერთი გამარჯვებული ორგანიზაცია უზრუნველყოფს ყველა სახის დახმარების მიწოდებას ბენეფიციარებისთვის”, – უთხრა მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს  უფროსმა, რუსუდან ასათიანმა, “ნეტგაზეთს”.
დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, “გრანტები გასცეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ გამოცდილება და შეუძლიათ ყველაზე კარგად განახორციელონ პროექტები და დაეხმარონ ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებულ თანამოქალაქეებს”. ამ ორგანიზაციებში, სუბარის თქმით, არიან ადამიანები, ვინც თვითონ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და “კარგად იციან, რა პრობლემები ხვდებათ ადამიანებს, რომლებიც უკან ბრუნდებიან”. რუსუდან ასათიანის ცნობით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:
  • “საზოგადოებრივი დამცველი”;
  • სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;
  • საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
  • “ახალგაზრდა ადვოკატები”;
  • “ვიპიარ” ჯგუფი;

მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს  უფროსის, რუსუდან ასათიანის თქმით, წელს გაზრდილია სოციალური პროექტების დაფინანსების ზედა ზღვარი – 3000 ლარიდან 4000 ლარამდე. “ასევე, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების კომპონენტები უკვე ჩვენ ამოვიღეთ და ამ მიმართულებით გვაქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის გამოყენება, ანუ ბენეფიციართა გადამისამართება და მათი იქ ჩართვა. ეს მოხდა საბიუჯეტო სახსრების გამო – რათა ყოფილიყო ლოგიკური ხარჯვა და არ გადაფარულიყო პროექტები”, – ამბობს რუსუდან ასათიანი. 

2015 წლის პროგრამის შედეგად, სამინისტროს ცნობით, სულ 165 ბენეფიციარს გაუწიეს დახმარება. მათ შორის, სამინისტრომ სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაუწია 39 ადამიანს. პროფესიული სწავლების პროგრამა 35-მა ბენეფიციარმა გაიარა, სოციალური პროექტების დაფინანსება მოიპოვა 52-მა ბენეფიციარმა, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა 31-მა ადამიანმა, ხოლო იურიდიული დახმარება 8 ბენეფიციარს გაუწიეს. “აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან წარმატებული”, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 27 ივნისს სასტუმრო “ამბასადორში”, 2016 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე.

თამარ ლაბაძე სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩაერთო, როგორც ბენეფიციარი. წელს იგი პროექტთან თანამშრომლობს და ცხელი ხაზის ოპერატორია. 27.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

თამარ ლაბაძე სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩაერთო, როგორც ბენეფიციარი. წელს იგი პროექტთან თანამშრომლობს და ცხელი ხაზის ოპერატორია. 27.06.2016. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

  • სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
  • სოციალური პროექტების დაფინანსება, როგორც შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ასევე თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
  • იურიდიული დახმარება (კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე; წარმომადგენლობის გაწევა შესაბამის ორგანოებში; ფასიანი სახელმწიფო მომსახურების ანაზღაურება და სხვა)
  • დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში;
  • სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი