ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრი ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოს მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს

27 ივნისი, 2016 • 1790
თბილისის საკრებულოს წევრი ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქოს მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე ეკონომიკის სამინისტროს მოუწოდებს, სამგორში აშენებული ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია საპატრიარქოს გადასცეს.

“თბილისში, სამგორის რაიონში, სოფელ ნასაგურში სახელმწიფოს ბალანსზე 2000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა 1996 წლიდან მიმდინარეობს. 2015 წლის 23 ნომებერს ტაძარი ეკურთხა, ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ, ვინაიდან მიწის ნაკვეთი არ ირიცხება საპატრიარქოს საკუთრებაში, ვერ ხორციელდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის შეყვანა ეკლესიის ტერიტორიაზე. ასევე, ეკლესია ვერ სარგებლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამით”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ. ის ამბობს, რომ ეკლესია ფუნქციონირებს, ეკლესიებში მიდის წირვა-ლოცვა, ამ დროს კი არ არის “იურიდიულად დაფუძნებული და იურიდიულად გამართული”.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიამ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს,  “თუმცა პრობლემა ამ დრომდე არ არის მოგვარებული”, – თქვა ზუმბაძემ. მისი ინფორმაციით, ასეთივე პრობლემის წინაშე დგას თბილისის ტერიტორიაზე არსებული დაახლოებით 25 მოქმედი ეკლესია.

“დედაქალაქის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით არა აქვს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემის პრობლემა, რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენი მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, უკვე რამდენიმე თვეა ამაოდ ვცდილობთ, რათა გადაწყდეს კონკრეტულად ერთ ეკლესიასთან (ნასაგურის ეკლესიასთან) დაკავშირებული საკითხი. როგორც საპატრიარქოდან გვატყობინებენ, 25 ეკლესიასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება არ მიუღია და ჩვენთვის გაურკვეველია მიზეზები, თუ რატომ ხდება ასე”, – ამბობს საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე.

გულიკო ზუმბაძემ პრესკონფერენციაზე 28 ივნისს საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა დააანონსა. მისი თქმით, სხდომას დაესწრებიან საპატრიარქოს, ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. “ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს აღნიშნული საკითხი დადებითად”, – ამბობს ზუმბაძე.

მისი თქმით, თბილისის საკრებულო ამჟამად ნასაგურის ეკლესიას ვერ ეხმარება. “დედაქალაქის ბიუჯეტს აქვს განსაზღვრული თანხები [ეკლესიების დასახმარებლად]. ეკლესიის თხოვნის შემდეგ საკითხს იხილავს რელიგიათა სპეციალური კომისია და დადებით დასკვნას დებს ხოლმე. ამის შემდეგ ეკლესიას ვეხმარებით 3000-5000 ლარით იმის გათვალისწინებით, თუ რა სამუშაოები აქვს ეკლესიას ჩატარებული. ნასაგურის ეკლესია აშენებულია მხოლოდ და მხოლოდ შემოწირულობების ხარჯზე, მაგრამ იქ ვერ ხერხდება ელექტროენერგიის, გაზის, დენის და სხვა კომუნიკაციების შეყვანა. ასეთ ვითარებაშია დედაქალაქის ტერიტორიაზე 25 ეკლესია. ნასაგური არის ერთ-ერთი მაგალითი”, – თქვა ზუმბაძემ პრესკონფერენციაზე თბილისის მუნიცილალიტეტის საკრებულოში.

“ოფიციალური პასუხი ეკლესიისთვის ტერიტორიის გადაცემაზე ეკონომიკის სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწოდებია და ამის შემდეგ მივმართეთ საპატრიარქოს, კერძოდ, მამა მიქაელ ბოტკოველს [პატრიარქის მდივანს], რომელიც უშუალოდ ჩართულია ხოლმე ასეთ პროცედურებში, რომლის ხელმოწერითაც შემოდის ხოლმე ჩვენთან თხოვნა თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების სიმბოლურ ფასად (1 ლარად) გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიღებთ ამის შესახებ დადებით გადაწყვეტილებას”, – თქვა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ.

“სწორედ მან [მიქაელ ბოტკოველმა] გამოთქვა შეშფოთება დამოკიდებულებაზე ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან – რატომ ვერ მოხერხდა, ბოლოს და ბოლოს ,გარკვეული შეთანმხების მიღწევა, ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება ეკლესიებისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებით. ეს საკითხი არის დასარეგულირებელი და შესათანხმებელია საპატრიარქოსთან, რომ ეს პროცესები ყოველთვის იყოს სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული. მაგრამ ვინაიდან კონკრეტულად ნასაგურის ეკლესია მშენებლობა მიმდინარეობს 1996 წლიდან, საკონსიტუციო შეთანხმებამდეა დაწყებული ამ ეკლესიის მშენებლობა … ბოტკოველმა გვთხოვა, დაჩქარდეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან მოლაპარაკების პროცესი ამ ეკლესიებთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ ეკლესიებთან დაკავშირებით უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ (კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისმა სააგენტომ) დადებითად ეს საკითხი”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება სხდომა, სადაც გაირკვევა, დაკმაყოფილდება თუ არა საპატრიარქოს მოთხოვნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი