ახალი ამბები

ხიდაშელი მის სავარაუდო შემცვლელზე: 8 ოქტომბრამდე ეს პროცესი ჩემთვის საინტერესო არ არის

27 ივნისი, 2016 • 1197
ხიდაშელი მის სავარაუდო შემცვლელზე: 8 ოქტომბრამდე ეს პროცესი ჩემთვის საინტერესო არ არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია მინისტრის პოსტზე მის სავარაუდო შემცვლელთან დაკავშირებით 8 ოქტომბრამდე არ აინტერესებს.

27 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელს ჰკითხეს, თუ რა იცის იმ ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვით, მის შემცვლელად კობა კობალაძე მოიაზრება.

“რაც შეეხება ჩემს შემცვლელთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს, მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, 2016 წლის 8 ოქტომბრამდე ეს პროცესი ჩემთვის არ არის საინტერესო. ჩემთვის საინტერესოა, რა მოხდება არჩევნებზე და როგორი იქნება არჩევნების შემდეგ მიღებული ქვეყნის მთავრობა, იმიტომ, რომ  მე შემიძლა ვთქვა სრულიად ცალსახად, ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს საარჩევნო ისტორიაში, როდესაც საქართველოში არჩევნები ტარდება საერთაშორისო პოლიტიკაზე, ქვეყნის საგარეო არჩევანზე, როდესაც საქართველოში წვიმის შემდეგ სოკოებივით ახალ-ახალი პოლიტიკური პარტია ჩნდება, რომელიც ხან ევრაზიულ კავშირში შესვლას გვპირდება, ხან რუსულ პენსიას,”- განაცხადა ხიდაშელმა.

ეს განცხადება თინა ხიდაშელმა დღეს თავდაცვის სამინისტროში, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. ამ შეხვედრაზე ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ჟურალისტებთან შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ სურს, არჩევნების შემდგომაც ჰქონდეს მთავრობაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა:

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მე მომეცემა შესაძლებლობა გავაგრძელო ის საქმე, რომელსაც, ვფიქრობ, რომ არაუშავს, ნორმალურად ვაკეთებდი, სადაც ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და სადაც ზუსტად ვიცი, ამ წუთის მდგომარეობით, განსხვავებით 1 წლის წინანდლისგან, როდესაც მე აქ მოვედი, შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურ დეტალებში ვიცი, სად სტკივა და რა სტკივა ჯარს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ იმას, რომ ეს პროცესი იყოს რაც შეიძლება უმტკივნეულო. მაგრამ ეს მთლიანად ქართული საზოგადოების გადასაწყვეტია,”- განაცხადა ხიდაშელმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი