ახალი ამბები

არქიმანდრიტი გაბრიელი: პოლიციას არ ვუცემივარ

27 ივნისი, 2016 • 1255
არქიმანდრიტი გაბრიელი: პოლიციას არ ვუცემივარ

არქიმანდრიტი გაბრიელ კახელიშვილი, რომელმაც 26 ივნისს განაცხადა, რომ საპატრულო პოლიციამ სცემა, ამბობს, რომ ეს განცხადება აფექტის მდგომარეობაში გააკეთა და სიმართლეს არ შეესაბამება. ის ლანჩხუთში მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

“ვიყავი აფექტურ მდგომარეობაში და ჩემდა უნებურად არასწორად ვსაუბრობდი. სინამდვილეში მანქანაში ჩაჯდომის დროს ხელბორკილი მედო და პრაქტიკულად ჩავჯექი და ამ დროს მივარტყი მანქანას თავი. ის ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიცია ხელით შემეხო, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამისათვის შენდობას ვითხოვ”, – უთხრა არქიმანდრიტმა გაბრიელ კახელიშვილმა სატელეფონო საუბრისას ტელეკომპანია “რუსთავი2″-ს.

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი პოლიციამ გუშინ, 26 ივნისს, გამთენიისას დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, პარტულმა მას რამდენჯერმე შესთავაზა სახლში გადაყვანა, რასაც მისი მხრიდან აგრესიული ქმედება მოჰყვა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მღვდელმა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაზიანებები თვითონ მიიყენა, რისი ამსახველი ვიდეომასალაც არსებობს.

“ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციამ [ლანჩხუთში] ნასვამი სასულიერო პირი გააჩერა. ის ნასვამი იყო და ავტომობილს საფრთხის შემცველად მართავდა. პოლიციელები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მისი სრული დაცვით. არსებობს ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა. ამას ალბათ გავავრცელებთ. პოლიციის მხრიდან სასულიერო პირის ცემის ფაქტს არ ვადასტურებთ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიმართ მიმდინარეობს 166-ე და 173-ე მუხლებით [წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა]. რაც შეეხება მის დაზიანებებს, პოლიციაში გადაყვანის დროს მან მანქანაში თვითონ მიიყენა თვითდაზიანება”, – განუცხადეს 26 ივნისს ნეტგაზეთს შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი