ახალი ამბები

სააკაშვილი: ჩვენ შევიცვალეთ და ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც

26 ივნისი, 2016 • 1560
სააკაშვილი: ჩვენ შევიცვალეთ და ბევრი რაღაც ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგიით, მაგრამ ბევრად უფრო რბილი და ხალხის ჩართულობის მეთოდებით დავბრუნდეთ. ეს უნდა იყოს არა ძველის დაბრუნება, არამედ ახლის შექმნა. რაღაც ისეთი უნდა შევქმნათ, რაც ხალხისთვის უფრო გასაგები იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ასევე შევიცვალეთ და ბევრი რაღაცა ვისწავლეთ, მათ შორის ჭკუაც ვისწავლეთ”, – ეს განცხადებები საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუში  ექსპრეზიდენტმა ზემოხსენებული საკითხის შესახებ ბათუმის მაგალითზე ისაუბრა, სადაც სააკაშვილმა ენმ-ს შეცდომაც დაასახელა:

“ბათუმში ჩვენი მთავარი შეცდომა და ჩავარდნა იყო ის, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ იგრძნო თავი ამ ყველაფრის ნაწილად. აქ ხალხის გამტყუნება არ შეიძლება. გამიგია, რომ ასეთი ბათუმელები… ეს ასე არ არის. მათ ვერ იგრძნეს თავი ამის ნაწილად. მათ ვუხსნიდით, რომ ახლა აქ, ცხვირწინ აგიშენებთ 50-სართულიან ცათამბჯენს. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გვეუბნებოდნენ, რომ წინ შადრევანი მაქვს, ამით რაო? ხომ არ აუხსნი, რომ შენი ძველი 3-ოთახიანი ბინა (ხრუშჩოვის თუ ჩეხური პროექტის)  30-ჯერ მეტი ღირს. ხომ არ გაყიდის იმ ბინას? ბინას არ გაყიდის, ღვეზელებს არ ყიდის, არის პენსიონერი, ცხვირწინ ავუშენეთ შადრევანი, გარშემო – დიდი კორპუსები და ვეუბნებით: ახლა მოგვეცი ხმა. ის იძახის: მე რა? ამიტომ წარმოიშვა მერე, რომ ესენი ერთობიან, სიამოვნებას იღებენ, თავისთვის აიშენა სააკშვილმაო. ჯერ ერთი, ლევანმა [ვარშალომიძე] და მისმა დიდმა ჯგუფმა ააშენა და მეორეც, ამ ხალხის აზრი და გულისტკივილი გასათვალისწინებელია. ხშირად მიწებზე ასე ვაკეთებდით: გაიწიეთ, გაიწიეთ, უნდა ავაშენოთ, არ გვაინტერესებს თქვენი აზრი. მიწები უმეტეს შემთხვევაში სწორად მართლა არ ჰქონდათ გაფორმებული, მაგრამ იმ მიწებზე ხალხი ცხოვრობდა. და იმ ხალხის ასე… თქვენ არ გეკუთვნით და ჩვენ ასე უნდა ავაშენოთ… მერე იმ ხალხს რა? ოდესაც მათი შვილი ან თვითონ დასაქმდებიან, მაგრამ… ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახალი ენერგითთ, მაგრამ ბევრად უფრო რბილი და ხალხის ჩართულობის მეთოდებით დავბრუნდეთ”, – თქვა სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი