ახალი ამბები

შსს: სასულიერო პირმა პოლიციაში გადაყვანისას დაზიანებები თვითონ მიიყენა

26 ივნისი, 2016 • 1150
შსს: სასულიერო პირმა პოლიციაში გადაყვანისას დაზიანებები თვითონ მიიყენა

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მხრიდან ლანჩხუთში მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირის ცემის ფაქტს არ ადასტურებს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მღვდელმა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის დროს დაზიანებები თვითონ მიიყენა, რისი ამსახველი ვიდეო-მასალაც არსებობს:

“ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ პოლიციამ [ლანჩხუთში] ნასვამი სასულიერო პირი გააჩერა. ის ნასვამი იყო და ავტომობილს საფრთხის შემცველად მართავდა. პოლიციელები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და მისი სრული დაცვით. არსებობს ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეომასალა. ამას ალბათ გავავრცელებთ. პოლიციის მხრიდან სასულიერო პირის ცემის ფაქტს არ ვადასტურებთ. ადმინისტრაციული საქმის წარმოება მის მიმართ მიმდინარეობს 166-ე და 17-ე მუხლებით [წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევა]. რაც შეეხება მის დაზიანებებს, პოლიციაში გადაყვანის დროს მან მანქანაში თვითონ მიიყენა თვითდაზიანება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.

ლანჩხუთის რაიონის აცანის ეკლესიის წინამძღვარი  გაბრიელ კახელიშვილი რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას სამართალდამცველები გაუსწორდნენ.

“როგორც კურიერთან საუბრისას მღვდელი ყვება, ის ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, რა დროსაც ლანჩხუთში პოლიციამ გააჩერა. მისი თქმით, მამაომ ავტომობილი ქართული ოცნების ოფისთან გააჩერა და სამართალდამცველებს ბოდიში მოუხადა. როგორც აცანის ეკლესიის წინამძღვარი ყვება, ამის შემდეგ პოლიციამ მას ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და სასტიკად სცემა”, – იუწყება რუსთავი 2.

მასალების გადაბეჭდვის წესი