ახალი ამბები

შოტლანდია ევროკავშირში დასარჩენად მოლაპარაკებებს იწყებს და რეფერენდუმისთვის ემზადება

25 ივნისი, 2016 • 1973
შოტლანდია ევროკავშირში დასარჩენად მოლაპარაკებებს იწყებს და რეფერენდუმისთვის ემზადება

შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტარჯეონის განცხადებით, ისინი ევროკავშირის უმაღლეს პირებთან სასწრაფო მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ, რათა შოტლანდიამ შეინარჩუნოს ადგილი ევროკავშირში.

სტარჯეონი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი რეფერენდუმი ჩატარდეს დამოუკიდებლობის საკითხის გადასაწყვეტად. პირველი რეფერენდუმით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, შოტლანდიამ კვლავ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა არჩია. მინისტრებმა რეფერენდუმის საკითხზე დღეს სპეციალურად გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს და საკითხზე ანგარიშის მოსამზადებლად სპეციალური ჯგუფი შექმენეს.

23 ივნისს გამართულ რეფერენდუმში შოტლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. ბრიტანული რეფერენდუმი საბოლოოდ ევროკავშირის დატოვების მომხრეთა სასარგებლოდ დამთავრდა. ამომრჩევლების 51.9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

თემთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ონლაინ-პეტიციას გაერთიანებულ სამეფოში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

რეფერენდუმზე 71,8%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. ასეთი მაღალი აქტივობა გაერთიანებულ სამეფოში 1992 წლის არჩევნების შემდეგ არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი