ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პრეზიდენტს კოტე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

24 ივნისი, 2016 • 1885
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” პრეზიდენტს კოტე ჯაფარიძის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტანტინე ჯაფარიძის შეწყალების თხოვნით მიმართავს და შესაბამისს პეტიციას ავრცელებს. პეტიციაზე ხელმომწერი ადამიანები სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 საპყრობილიდან კონსტანტინე ჯაფარიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

“საქართველოს პრეზიდენტს აქამდეც არაერთხელ განუხორციელებია აღნიშნული ჰუმანური აქტი შეწყალების წესის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და მივიჩნევთ, რომ კონსტანტინე ჯაფარიძის საქმეც წარმოადგენს სწორედ ამგვარ განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც გადაწყვეტილების დაყოვნებამ და პარალელურად, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გატარებულმა თითოეულმა დღემ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს მსჯავრდებულს,” – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, 22 წლის კოტე ჯაფარიძე, რომელსაც მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის მინიმუმ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, დათანხმდა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას. თუმცა ვერც გაფორმებულმა საპროცესო შეთანხმებამ უზრუნველყო სამართლიანი სანქციის გაფორმება, რადგან მსჯავრდებულს კვლავაც მოუწია ერთწლიანი იზოლაცია და მაღალი ჯარიმის, 25 000 ლარი თანხის გადახდა.

“გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეფარდებული სასჯელის სრულად მოხდის შემთხვევაში, გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური პირობების ფონზე, მსჯავრდებულს ხელახლა მოუწევს სამსახურის ძიება და პროფესიული კარიერის აწყობა, რაც დღეს, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა მიმართ არსებული სტიგმის პირობებში, თითქმის შეუძლებელია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სოციუმის ჩვეულებრივი, რიგითი წევრისგან, რომელიც თვისი საქმიანობით ემსახურებოდა საზოგადოებრივ სიკეთეს და რომელიც საკუთარი შემოსავლით უზრუნველყოფდა საკუთარი ხარჯების დაფარვას, სამართალდამცავმა და მართლმსაჯულების სისტემამ შექმნა მსხვერპლი,” – აცხადებენ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები.

მოძრაობის წევრები აქტიურად უწევენ ორგანიზებას აქცია-მსვლელობებსა და დისკუსიებს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით. ბოლო მსვლელობა მათ 17 ივნისს გამართეს, სადაც ასევე დააყენეს კოტე ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი