ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირს ვერ დაასუსტებს

24 ივნისი, 2016 • 1115
კვირიკაშვილი: ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ევროკავშირს ვერ დაასუსტებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პრემიერი აღნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ვერ შეცვლის.

“გუშინ ბრიტანელთა უმრავლესობამ ხმა მისცა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. ეს არის დემოკრატიული გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, თუმცა პირადად მე ვუერთდები ჩვენი კონტინენტის იმ ლიდერებს, რომლებიც სინანულს გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და ის აუცილებლად გაგრძელდება. ეს რეფერენდუმი ვერ შეცვლის იმას, რომ ევროკავშირი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირია მსოფლიოში, რომლის ძალა და სიმტკიცე კიდევ უფრო გაიზრდება.

დადგა საკუთარ თავზე დაკვირვების და, ამასთანავე, კონსოლიდაციისა და განახლების დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირს, გამოიყენოს თავისი ძლიერი მხარეები და კიდევ უფრო განმტკიცდეს და იაროს წინ. შესაბამისად, იმედის თვალით შევყურებ მომდევნო თვეებს, როცა ევროკავშირი შეასრულებს ისეთი ძლიერი ლიდერის როლს სამეზობლოში, როგორც ეს მსოფლიოში მის კუთვნილ ადგილს შეეფერება,” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

დიდ ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში ამომრჩევლების 51.9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

მასალების გადაბეჭდვის წესი