ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასები ივლისიდან მოემატებათ

24 ივნისი, 2016 • 2380
საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასები ივლისიდან მოემატებათ

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 2016 წლის ივლისიდან არხის 500-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასები გაეზრდებათ.

არხის ცნობით, თანამშრომლებს ხელფასები 10%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ამ შეთანხმებას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების პირველად პროფკავშირებსა და ტელევიზიის ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს.

“იმ პირებს, რომლებსაც ხელფასები ჰქონდათ 500-დან ათას ლარამდე, მათ ხელფასები გაეზრდებათ 20%-ით. ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ 1000-დან 1500 ლარამდე, ხელფასი გაიზრდება 10%-ით. ასევე გათანაბრდა იმ პირების ხელფასები, რომლებიც სხვებთან შედარებით აკეთებდნენ ერთსა და იმავე საქმეს, ჰქონდათ იგივე პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა, მედიატორმა.

“ჩვენი თანამშრომლების წვლილი იყო ის, რომ მათ დააჩქარეს გარკვეული პროცესები, რაც არ არის პრინციპში ცუდი, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეული თვალსაზრისით ჩვენ ვუსწრებთ დაგეგმილ დროს”, – განაცხადა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი გვიმრაძემ.

ლაშა მესხმა, მოამბის ჟურნალისტმა, რომელიც პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ხელფასების ზრდას უნდა მოჰყვეს ის, რომ ადამიანი დაფასდეს საზოგადსოებრივ მაუწყებელში.

“ჩვენი ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ბრძოლა ახლა იწყება. ჩვენ მიერ მიღწეული შუალედური შეთანხმება ხელფასების 10% და 20%-იანი ზრდასთან ერთად ფუნდამენტური ცვლილებების მიღების პროცესში ჩვენს ჩართულობასაც ავალდებულებს, იმედია, ამ ცვლილებების შედეგად, მთავარი რამ აღდგება ამ ტელევიზიაში, ეს ადამიანის დაფასებაა”, – განაცხადა ლაშა მესხმა.

საზოგადეობრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის თქმით კი, კვალიფიკაციის ამაღლების, რანჟირებისა და ატესტაციის პროცესი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დეკემბრამდე გრძელდება.

ბარათაშვილის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტში კიდევ ერთხელ შესწორდება ხელფასები რანჟირების კუთხით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი, 2016 წლის მაისის თვიდან ითხოვს ხელფასების მომატებასა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი