ახალი ამბები

სააგენტოს ცნობით, დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები 07:00-20:00 სთ-მდეა შესაძლებელი

24 ივნისი, 2016 • 1784
სააგენტოს ცნობით, დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები 07:00-20:00 სთ-მდეა შესაძლებელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, დარიალის ხეობაში, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 134-135კმ-ის მონაკვეთზე შესაძლებელია გზის აღდგენით სამუშაოების განხორციელება დილის 07:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.

სააგენტო აცხადებს, რომ სპეციალისტები რისკების პრევენციისათვის ამალი-დევდორაკის ხეობის პროცესებზე მუდმივ დაკვირვებას აგრძელებენ.

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ კი განაცხადა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ამზადებს დასკვნას, რის საფუძელზეც შესაძლებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა.

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გზის აღსადგენად დაახლოებით 2 კვირა იქნება საჭირო.

“რესურსები, რა თქმა უნდა, მობილიზებულია. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტშიც გვაქვს გათვალისწინებული სტიქიის ლიკვიდაციისათვის საჭირო თანხები. ჩვენ დაგვჭირდება სადღაც 10 დღე, ორი კვირა, რომ ის ჩაწყვეტილი გზა აღვადგინოთ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სპეციალისტები დარიალის ხეობაში იმყოფებიან, სადაც მუდმივი მონიტორინგი გრძელდება.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე. მომხდართან დაკავშირებით სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ ორივე მიმართულებით დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 ივნისს სტიქიური პროცესები უხვი ნალექის შედეგად 2014 წლის 17 მაისს დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიის დროს მდ. დევდორაკის კალაპოტში დარჩენილი მყარი მასის დაძვრამ განაპირობა, წარმოქმნილმა ღვარცოფულმა მასამ მდ. თერგის შესართავამდე მიაღწია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დევდორაკის ხეობაში ღვარცოფი ამოქმედდა. აქ მეწყერი 2014 წლის მაისსა და აგვისტოშიც ჩამოწვა. 17 მაისს მომხდარი სტიქიის დროს სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700-მილიმეტრიანი და 1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. სტიქიამ 7 ადამინი იმსხვერპლა.

20 აგვისტოსაც დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა იმ ადგილას,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა, ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი