ახალი ამბები

სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა

1 თებერვალი, 2012 • 1127
სტუდენტთა დასაქმების საზაფხულო პროგრამა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტთა დასაქმების პროგრამას იწყებს. სტუდენტები მათ მიერ არჩეულ სხვადასხვა საზაფხულო სამუშაოებზე 20 ივლისიდან  ერთი თვის განმავლობაში დასაქმდებიან. მათი ანაზღაურება 500 ლარი იქნება.
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, კახა ბაინდურაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებული ბიზნეს–ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების ჩართვას სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე” (summer jobs). 

მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო  ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს სავაჭრო პალატისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების ინფორმირებულობა  იმ პირების თაობაზე, რომლებიც პროექტში ჩაერთვებიან. სამინისტრო  დაინტერესებულ სტუდენტებს   სრულ ინფორმაციას მიაწვდის კერძო სექტორში არსებული სამუშაო ადგილების შესახებაც. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად ჩაერთვება სტუდენტთა დასაქმების პროექტში და მონაწილეებს სამუშაო ადგილებს სავაჭრო პალატაში გაწევრიანებულ კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან შესთავაზებს.

მხარეთა თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაჯანსაღებას, რაც ახალგაზრდებისათვის დროებითი სამუშაო ადგილების შექმნით იქნება განპირობებული, რაც აამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას, უზრუნველყოფს პიროვნული პოტენციალის რეალიზებას, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას, გაზრდის კერძო სექტორში კონკურენტუნარიან გარემოს და სახელმწიფოს ჩართულობას კომპანიებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენებს კარგი შესაძლებლობა ექნებათ, იპოვნონ ადამიანები, რომელთაც შემდეგ თავიანთ ბიზნესში დაასაქმებენ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუდენტური დასაქმების პროგრამაში -,,Summer jobs’’–   მონაწილეობა 25 ათასს სტუდენტს შეეძლება. მათი დასაქმება, კერძო სექტორის გარდა, სახელმწიფო სტრუქტურებში  50-მდე მიმართულებით მოხდება, დაწყებული განათლებიდან იუსტიციის სისტემით დამთავრებული.

სტუდენტთა რეგისტრაცია სტუდენტური დასაქმების პროგრამისა და სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge 15 მარტიდან დაიწყება და 15 მაისამდე გასტანს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, უპრეცედენტო პროექტში მონაწილეობა სტუდენტებს  მომავალი საქმიანობის განსაზღვრაში დაეხმარება. ასევე სტუდენტები თავიანთ შესაძლებლობებს მოსინჯავენ, შრომის გამოცდილებას მიიღებენ და გარკვეული ანაზღაურებაც ექნებათ,”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი